საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
მისი განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების დროს, ძირითადი დარტყმა სწორედ იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებზე მოდის, რომლებიც ამ სექტორში ოპერირებენ. ამ კომპანიებისთვის თავად არის უდიდესი გამოწვევა, როდესაც მათ ორჯერ და კიდევ მეტად გაძვირებული საწვავის გამო უწევთ მნიშვნელოვნად გაზრდილი, საბრუნავი სახსრების მობილიზება.
ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ჩვენ ყოველთვის ვიცავთ საჯაროობის პრინციპს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის კომენტარი: „რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, ადგილობრივი ფასები პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს”, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
„ნავთობკომპანიის ინტერესი ვერანაირად ვერ იქნება ის, რომ საწვავი ღირდეს უფრო ძვირი, ვინაიდან ასეთ დროს, მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად ეცემა და ამასთან ერთად გაზრდილი ხარჯების ფონზე, კომპანიების ეკონომიკური მოგება მცირდება“, – აცხადებს შავლეგ მიშველაძე.