“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს განმარტონ – თუ რა გახდა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ლიუბოვ სობოლისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი.
კანდელაკმა საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა და ალექსეი ნავალნის მოძრაობაში, ფაქტობრივად, წონით მეორე ფიგურამ, ლიუბოვ სობოლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ იგი არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე.
კანდელაკი გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას.
“ლიუბოვ სობოლი, როგორც უკვე ვთქვი არის რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ნომერ მეორე ფიგურა დაპატიმრებული ალექსეი ნავალნის შემდეგ და მისი პოლიტიკური კალიბრიდან გამომდინარე თეორიულადაც გამორიცხულია, რომ რაიმე შეცდომასთან გვქონდეს საქმე.
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ხელგაშლილი ხვდება პუტინის პროპაგანდისტებს, იგივე გავრილოვს, რომელიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდა 1992-1993 წლებში, ასევე, როცა აქ ჩამოდის დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბატონი პოზნერი სხვა ფიგურებთან ერთად, მაგალითად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TAS-ის დირექტორთან და სპუტნიკის დირექტორის მოადგილესთან ერთად.
ამ ყველაფრის ფონზე, როცა შემოსვლა ეკრძალება რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციისა და მე მწამს, რომ მომავალი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას, ეს თავისთავად არის კაშკაშა, ძალიან ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი და დასტური იმისა, რომ ამ სადღეგრძელოების მიღმა საქართველოს დრეიფი რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ორბიტაზე და საქართველოს გადაქცევა რუსეთის ფედერაციის სატელიტად უკვე შემდგარი ფაქტია”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ოპოზიციური რუსული მედიის, Дождь-ის ცნობით, მათ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კოლეგამ, ლიუბოვ სობოლმა უთხრა, რომ ის ამ წლის აგვისტოში საქართველოში არ შეუშვეს.