უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატოს სამიტი.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე შესაბამისად აღინიშნოს. საუბარი იყო, თუ როგორ და რა ფორმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატოსთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
პრემიერის თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე. მისი ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თავდაცვის რეფორმაა.
ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველა იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან, რათა ნატოს სამიტზე ის შედეგი დაფიქსირდეს, რასაც საქართველო ელის.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ სამიტზე მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველით. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის, წევრობის გზაზე შესაბამისად დაფიქსირდება. ნატოს სამიტზე საქართველო იქნება წარმოდგენილი შესაბამის ფორმატებში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, იყენებს ეფექტურად, ვიყენებთ ეფექტურად და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს აისახება სამიტის გადაწყვეტილებებზე,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტის სასახლეში გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა.