LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნატოს დაშლა პუტინს უნდა, ტრამპი კი მას ეხმარება” – რა თამაშს თამაშობს აშშ-ს პრეზიდენტი

130
amerika

რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილმა დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ, მიზნად ამერიკის ეკონომიკური განვითარება დაისახა. შემდეგ კი, საგარეო კურსი ისე შეცვალა, რომ საერთაშორისო ექსპერტები დღემდე ფიქრობენ, ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს თუ პოლიტიკის მართლა არაფერი გაეგება.

ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ტრამპი საგარეო პოლიტიკის არცოდნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი მეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ნატო დაიშლება.

„თუ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ, გპირდებით აღარ იქნება, არანაირი ნატო. ჩვენი უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად შემცირდება და გასაჭირში აღმოვჩნდებით“, – ამბობს ბაიდენი.

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატოს დაშლა პუტინს უნდა, ტრამპი კი მას ეხმარება.

„ტრამპს სჯერა პუტინის და არ სჯერა ამერიკის დაზვერვის, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის 2016 წლის არჩევნებში ჩაერია. გვყავს არასტაბილური, გიჟი პრეზიდენტი, რომელსაც არაფერი გაეგება საგარეო პოლიტიკაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

ტრამპი პუტინს იუმორით სთხოვს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს

შეხვედრას ამერიკისა და რუსეთის ოფიციალური პირები ესწრებიან

რამდენად უქმნის საფრთხეს დონალდ ტრამპი ალიანსის არსებობას და რეალურია თუ არა ნატოს დაშლა მისი მეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამ თემაზე რადიო „ფორტუნამ“ შეკითხვები საერთაშორისო ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს დაუსვა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ნატოს დაშლის საფრთხე არა, მაგრამ ალიანსის დასუსტება რეალურია.

„არ მგონია, რომ ნატო დაიშალოს. მეორედაც რომ აირჩიონ ტრამპი პრეზიდენტად, 4 წელი იქნება ამ პოსტზე. ნატოს არსებობა ეჭვის ქვეშ არ დადგება, მაგრამ შეიძლება, ტრანსატლანტიკური კავშირების შესუსტდეს ამერიკასა და ევროპას შორის“, – ამბობს ჩიტაძე.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები, რომ ამერიკა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამდენ ფულს არ უნდა იხდიდეს, ექსპერტი პასუხობს:

„ეს მოთხოვნა ნაწილობრივ შეიძლება, გავამართლოთ, ეს არაა მხოლოდ ტრამპის მოთხოვნა, ამაზე მინისტერიალებზეც იყო საუბარი, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, თავდაცვაზე საკუთარი მშპ-ს 2% მაინც უნდა გამოყონ. ამას აკეთებს მხოლოდ 3-4 ქვეყანა. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა: გერმანია, იტალია 1 -დან 1, 5%-მდე თანხას გამოყოფენ ამისთვის. სწორედ ამიტომ ითხოვს ტრამპი, რომ მე რატომ დავხარჯო უფრო მეტი ფულიო“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

საერთაშორისო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპს საგარეო პოლიტიკაში შეცდომები მოსდის.

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როცა ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. ეს იყო წინასწარ წაგებულ ბრძოლაში ჩართვა, იმიტომ რომ გაეროზეც ამას მხოლოდ 9 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მიზეზი არ ვიცი, რა არის, შეიძლება ებრაული ლობის გარკვეული გავლენაა, ამას ემატება, რომ ტრამპის ზოგადად, საგარეო პოლიტიკის კუთხით არასაკმარისი ცოდნა აქვს.

რაც შეეხება რუსეთთან პოლიტიკას, ერთი მხრივ, ამერიკის პრეზიდენტი მიუღებელ განცხადებებს აკეთებს, რომ რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, მეორე მხრივ კი, 4500 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა ბაზები პოლონეთსა და ბალტიისპირეთში , გარდა ამისა, მომავალ წელს ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაიანში ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას აპირებს, სადაც 37 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

ერთი მხრივ, მიუღებელია ტრამპის განცხადებები, მეორე მხრივ არსებობს რუსეთის მიმართ ხისტი დამოკიდებულება. მისი პოლიტიკა ორაზროვანია“, – აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი.

„რუსეთთან დაკავშირებული სიცრუე საბოლოოდ დასრულდა" - დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, „რუსეთის საქმის“ გამოძიებამ ამერიკა დააზიანა.

ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუნდაც ტრამპის მიერ ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ მისი ქმედებები საბოლოოდ, საგარეო კუთხით პრობლემებს იწვევს.

ძალიან დიდი პრობლემაა სავაჭრო ომი ამერიკასა და ევროპას შორის. ამერიკა გარკვეულ საბაჟო გადასახადებს აწესებს ევროპულ პროდუქციაზე, ის ყოველ წელს 2 ტრილიონი დოლარის ექსპორტს ახორციელებს. იქ ჩინეთთან დააწესა სავაჭრო ბარიერები. ამ კუთხით ტრამპმა დიდ წარმატებებს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 3%-ს გადაჭარბა მშპ-ს ზრდამ, ეს ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შედეგია. რაც შეეხება ჩინეთთან დაწყებულ „სავაჭრო ომს“, ამის შედეგად, 13 %-ით შემცირდა ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა. ეს კი საბოლოოდ მსოფლიო სავაჭრო ბრუნასა და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახა.

ტრამპი ვერ ითვალისწინებს, რომ ჩინეთი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და მაქსიმალურად უნდა მოახდინოს მისი დასავლეთთან ინტეგრაცია. თავისი ნაბიჯებით კი, ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთს უბიძგებს, რომ რუსეთს დაუახლოვდეს. ეს ალიანსი ამერიკისთვის წამგებიანია, რადგან ჩინეთი უფრო  უახლოვდება რუსეთს.

თუნდაც გავიხსენოთ, შარშან ჩინეთმა და რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები რომ ჩაატარეს. მასში 300 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ანუ უსაფრთხოების კუთხით, ამ ორი ქვეყნის დაახლოება ცუდია“, – აცხადებს ჩიტაძე.

რაც შეეხება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ცნობილია, ის 2020 წლის ნოემბერში გაიმართება. ამჟამად დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვის, მათ შორისაა ჯო ბაიდენიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები