კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინასა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
„ლელო – საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამოცანაა დასავლეთიდან ზეწოლის გაზრდის გზით აიძულონ ხელისუფლება, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდება ნატო და ევროკავშირი.
„ამ შეხვედრიდან ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის ჩემთვის, არის ის, რომ ნატო-ს გასული წლების განმავლობაში არასდროს ჰქონია ასეთი მკვეთრად კრიტიკული შეფასებები, რაც შეეხება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმას და იმას, რომ რეფორმები ქვეყანაში არ მიმდინარეობს.
ნატო-ს წარმომადგენელმა გვითხრა, თუ რამხელა გულაცრუებაა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, იმ ანტიდასავლური გზავნილებით, მათ შორის თავდასხმებით ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებზე, ზოგადად დასავლეთის მიმართულებით რაც ისმის საქართველოს ხელისუფლებისგან.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ასეთ ანტაგონისტურ ურთიერთობებში შევიდა დასავლეთთან, მათ შორის, ნატო-ს პარტნიორებთან. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. მათ დიდი სურვილი აქვთ და დიდი სურვილია, რომ მხარდაჭერა განხორციელდეს. ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები.
ჩვენი ამოცანაა, დასავლეთიდან ზეწოლის გაზრდის გზით ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდება ნატო და ევროკავშირი“,- აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.