ხელნაკეთი თეთრეული ”ნატაშასგან”- ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა. ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე ბიუსტჰალტერები და ტრუსები იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია კი სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება.
”ხელნაკეთი თეთრეულის შექმნის იდეა დაახლოებით 2 თვის წინ გამიჩნდა. მას შემდეგ ვაწარმოე დაკვირვება ადგილობრივ ბაზარზე, თუ როგორი პროდუქციის წარმოება ხდებოდა ამ მიმართულებით და გადავწყვიტე, შემექნა სრულიად განსხვავებული ბიუსჰალტერები. აღნიშნულმა ბიზნეს იდეამ გაამართლა, ვინაიდან, ჩემი პროდუქცია ბაზარზე უკვე 2 კვირაა გამოჩნდა და მოთხოვნა იმდენად დიდია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”, – განუცხადა ”ფორტუნას” ბრენდის დამფუძნებელმა ნატა ტაბიძემ.
მისი ინფორმაციით, ”ნატაშა” შექმნილია იმ ქალბატონებისთვის, ვისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ თეთრეულს ატარებს.
„ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბიუსტჰალტერები. ყველამ იცოდა, რომ მთელ ჩემს ხელფასს ამაში ვხარჯავდი. ბოლოს გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა უნიკალური ბიუსტჰალტერები. მინდა, რომ ბიუსტჰალტერები მოვუხდინოთ ტანსაცმელს და არა პირიქით. ამასთან ერთად, მინდა, რომ აღმოიფხვრას ხორცისფერი, არაფრისმთქმელი ბიუსტჰალტერები და ყველა ქალს ეცვას ძალიან ლამაზი თეთრეული”, – აღნიშნა ტაბიძემ.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე ”ნატაშა” ძირითადად ბიუსჰალტერების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა აქვს ტრუსის რამდენიმე სახეობაც. უახლოეს მომავალში კი მომხმარებელი ამ ბრენდის ტრუსების პირველ კოლექციასაც ნახავს.
ხელნაკეთ თეთრეულს ამ ეტაპზე ნატა ტაბიძე 2 ადამიანთან ერთად, მქარგველთან და მკერავთან ერთად ქმნის. ქარხნული მხოლოდ ბიუსტჰალტერის ჭიქებია, მისი დანარჩენი ნაწილი ჯერ ხელით იკერება, შემდეგ კი ხელითვე იქარგება.