ტექნიკურ უნივერსიტეტში “სითი ინსტიტუტის” მიერ მომზადებული თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა განიხილეს.
შეხვედრას ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ხათუნა კაკაურიძე ესწრებოდა. მან ბაზრობის გადატანის ინიციატივა გააპროტესტა.
თბილისის მერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხის დასმა ნაადრევია, რადგან ეს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შემოთავაზებაა, რომელიც შემდგომი განხილვის საგანი იქნება. დავით ნარმანიას განცხადებით, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება.
„გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს, მოისმინოს მათი მოსაზრებები. მათი გარკვეული ნაწილის მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია, ვინაიდან ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან გეგმა არის მომზადებული. მე მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია, არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.