LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომომხმარებელი, შესაძლოა, აღარ დაიჭირონ

73

ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდება არაკონსტიტუციურია, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უკვე შევიტანეთ, ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გასაჩივრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც  ნარკოტიკების მოხმარებისათვის პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს.

“ასევე გავასჩივრეთ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც მსგავის ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ითვალისწინებს პატიმრობას. ეს მუხლები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ითვალისწინებს არაჰუმანური სასჯელის დაკისრებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ მეტი სარეაბილიტაციო და სამკურნალო პროგრამები დანერგოს ნარკომომხმარებლებისათვის” – განაცხადა ნათია კაციტაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილე აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. მისი განმარტებით, სახალხო დამცველი არ მიიჩნევს, რომ ექიმის გარეშე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის სასჯელი საერთოდ უნდა გაუქმდეს, არამეს ითხოვს საპატიმრო სასჯელის შეცვლას.

“კანონი დღესაც ითვალისწინებს ჯარიმებს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ცვლილება არ არის საჭირო, თუმცა მოსაფიქრებელია, რა შემთხვევაში, რა ზომას გამოიყენებს სახელმწიფო. პატიმრობის გამოყენება, ცალსახად, არაჰუმანური და არასწორია. იმის გამო, რომ კანონში არ არის ჩანაწერი კონკრეტული ნარკოტიკების შესახებ, ამიტომ პატიმრობის გაუქმება, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე გავრცელდება და ამის ნაცვლად, დაინერგება სარეაბილიტაციო პროგრამები” – განაცხადა ნათია კაციტაძემ.

სახალხო დამცველი ასაჩივრებს კანონის იმ ნორმასაც, რომელიც ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირებას ეხება. როგორც ნათია კაციტაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოტესტირებაზე მოქალაქეების გადაყვანა პრობლემად რჩება და ესეც აღიქმება, როგორც არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა.