ნანკა კალატოზიშვილი „ფორტუნაზე“ მარტა ქარუმიძის რუბრიკას, „ჩემი ისტორია“ სტუმრობდა. მსახიობმა გაიხსენა ისტორია და ადამიანი, რომელმაც მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.
„თეატრალურში რომ ჩავაბარე, მყავდა მეგობარი, ერთი წელი მოვასწარი მასთან ურთიერთობა, ძალიან ლამაზი გოგო იყო, იმდენად ლამაზი, ნიჭიერი და კარგი, სულ მიკვირდა, რატომ იყო დაკომპლექსებული და ჩაკეტილი. რამდენიმე ადამიანმა მირჩია მასთან არ მემეგობრა, “ცუდი სახელი აქვსო”. 17-18 წლის ბავშვები ვიყავით, ვერ მივხვდი რას ნიშნავს “ნუ ემეგობრები”, მსგავსი რამ არავის უთქვამს ჩემთვის.
შემდეგ გავიგე ამ გოგოს ისტორია. ალბათ, 15 წლის იქნებოდა, მოტყუებით აიყვანეს სტუმრად სახლში, ჩაკეტეს და შემდეგ უფროსმა ადამიანმა გააუპატიურა. მამა არ ჰყავდა, ავადმყოფი დედა და ხნიერი ბებია ზრდიდნენ, არავინ ჰყავდა დამცველი.
საქართველოში განათხოვრის სტატუსიც ხომ ცუდ ყოფაქცევად ითვლება. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა. მთელი უბანი დასცინოდა, ზოგს ეგონა, თუ ერთმა გააუპატიურა, მასაც ჰქონდა უფლება. ეს ბავშვი ყველაფერს მარტო იტანდა. სულ ვცდილობდი ჩემს ძმასთან და მეგობარ ბიჭებთან ეკონტაქტა, რომლებსაც მის მიმართ არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ. ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ. ჩემმა ძმამ მისი ამბავი იცოდა და როგორც მამაკაცმა, ძალიან განიცადა.
მინდოდა სცოდნოდა, რომ ვიცოდი ეს ამბავი და ყველანაირად გვერდით დავუდგებოდი. მახსოვს, კალთაში მეჯდა და ტიროდა. თან ძალიან ბედნიერი იყო, მიხვდა, რომ ვიღაც არაფრის გამო მის გვერდით არის და ძალიან უნდა მისი დახმარება. ვგრძნობდი, როგორ ფერადდებოდა… მაგრამ დრო არ მეყო, ნახევარი წელიც ამ სითბოში და ზრუნვაში რომ ყოფილიყო, მგონია, გადავატანინებდით, უბრალოდ, ვერ მოვასწარით.
მაშინ პირველად ვნახე ჩემი ახლობელი, რომელმაც თავი მოიკლა. იმ ასაკში, რა დროსაც, უნდა დაიწყოს ადამიანმა ახალი ცხოვრება, ეს იყო საშინელება. სწორედ მაშინ ვნახე, როგორ შეიძლება ადამიანი დამოკიდებულებით გარიყო, ვნახე საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც მასიურად გქოლავს, გერჩის, იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაგიდგეს და დაგეხმაროს. მე მიჩვეული ვიყავი, ჩემს გარშემო ყველა ყველაზე ზრუნავდა და 17 წლის ასაკში ამ სურათის დანახვა, საშინელება იყო“, – იხსენებს ნანკა კალატოზიშვილი.
რუბრიკის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:
,,მთავარია ქალებს არ ეშინოდეთ” – ნანკა კალატოზიშვილის ისტორია რუბრიკაში