LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძის კონცერტმა „ბლექ სი არენაზე“ ანშლაგით ჩაიარა (ფოტოები)

513

83 წლის ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი, ქართული ესტრადის მშვენება, ნანი ბრეგვაძე, 16 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ წარდგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როგორც პროფესიონალურად, ასევე ფიზიკურად, შესანიშნავ ფორმაშია. მის პირველ გამოჩენას სცენაზე დარბაზი ფეხზე ადგომით შეხვდა და დიდხანს უკრავდა ტაშს.

კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ და „ბლექ სი არენას“ ქართული ზაფხულის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, აჭარის კაპელასთან, ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან და სტეფანე მღერბრიშვილთან ერთად, შესრულდა ის სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს გენიალურმა კომპოზიტორებმა და ლექსის ავტორებმა ნანისთვის შექმნეს.

კონცერტზე გაჟღერებული ცნობილი მელოდიების ორიგინალური ვერსიების ავტორი და საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ნიკოლოზ რაჭველი, სცენარის ავტორი და რეჟისორი: თეონა ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვრები: ვანო ჭელიძე და გიორგი საყვარელიძე.

„ნანი – სცენის დედოფალი“ – ამ სახელწოდების საღამომ თითოეულ მაყურებელში არაჩვეულებრივი ემოციები აღძრა – „არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ალბათ, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება…“, აღნიშნა საუბარში ერთ–ერთმა დამსწრემ.

მაყურებელმა იხილა უნიკალური მასალები ნანი ბრეგვაძის პირადი არქივიდან, ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ, რომელიც მომღერლის შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ ნანი ბრეგვაძესთან ჩაწერა…

საღამოს სპეციალური სტუმარი „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბოტი გახლდათ, რომლის გამოჩენაც კომპოზიციაზე „ ის აქ არის“ განსაკუთრებული გამოდგა. გია ყანჩელის ამ უკვდავი კომპოზიციის შესრულებას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. კრის ბოტიმ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ცნობილი My Funny Valentine–იც შეასრულა, რამც დარბაზში მსხდომი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

 

ნანი ბრეგვაძე:

თავიდან ძალიან ვყოყმანობდი, ამხელა დარბაზის შევსება და ჩემი დგომა და მღერა ძალიან ძნელი იყო. ნიკოლოზ რაჭველმა ყველაფერი გათვალა. პატარა სცენები არ მიყვარს, მაგრამ არენაზე არასდროს გამოვსულვარ… მადლიერი და მადლობელი ვარ, რამდენი ხალხი მოვიდა… კრის ბოტი: ჩემთვის დიდი პატივია ნანისთან ერთად სცენაზე გამოსვლა. ბოლო 15 წელია, საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივარ და არ მინახავს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი ჰარმონიული მუსიკა იქნება, მუსიკა, რომელსაც ქმნიან ქართველი კომპოზიტორები, ნამდვილად შესანიშნავია, აქვს ლამაზი ჟღერადობა. სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი ტრადიცია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ტრადიციის ნაწილი ვარ. უკვე მეცხრედ ვარ საქართველო და აუცილებლად დავბრუნდები კიდევ.

ანი კავლელიშვილი:

„ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის გამართვა ჩემი დიდი სურვილი იყო. ჩემი მიზანი იყო, რომ ქალბატონი ნანი დამდგარიყო ამ სცენაზე და ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღეს „ბლექ სი არენას“ ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი შედგა…

შეგახსენებთ რომ აგვისტოში „ქართული ზაფხული არენაზე“ გრძელდება, 24 აგვისტოს მსმენელს „სახის“ კონცერტი ელის, 28 აგვისტოს კი პირველად, „ბლექ სი არენას“ სცენას ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიკავებს. ორივე კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები