აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში 1989 წლის მოვლენებს იხსენებს და დღევანდელობასთან ავლებს პარალელს:
„1989 წელს იყო, თუ არ ვცდები, პირველი მცდელობა აფხაზეთში ომის წამოწყების. არასდროს დამავიწყდება ყველა ასაკის მამაკაცებით სავსე მანქანების კოლონები, სოხუმის მიმართულებით. ვისაც რა შეეძლო, იმ იარაღით მიდიოდნენ საბრძოლველად. ჩვენი ქუჩის მამაკაცებით დატვირთული საბარგო მანქანაც იყო მათ შორის. მეათეკლასელი გიზო არ წაიყვანეს, ბავშვი ხარ, რა დროს ომიაო. ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, გიზო დაიკარგა. მამამისის სანადირო თოფით გაპარულა საომრად, სხვა ნაკადს წაჰყვა. იმათ დაუმალა, სკოლის მოსწავლე რომ იყო.
კლარა დეიდამ ნიუსებზე ადრე იცოდა ახალი ამბები. გიზოც გამოტირებული გვყავდა, კლარა დეიდას „ბრძოლის ველიდან მოპოვებული ინფორმაციის” თანახმად.
გიზო უვნებელი დაგვიბრუნდა. ომში გაპარვისთვის, ლიონებერგელი ემილივით საკუჭნაოში გამოკეტა მამამ თავნებობისთვის. მე და ირმა (გიზოს და) ვართობდით, სანამ თავისუფლებაზე გამოსვლის ვადა მოუწევდა.
ამ დღეებში სულ ის პერიოდი მიტრიალებს თავში. ბევრად უკეთესები ვიყავით მაშინ, როგორც საზოგადოება. არც ერთმანეთი გვძულდა, თავისუფლებისთვის მსხვერპლზე გიზოსავით დაუფიქრებლად წამსვლელებიც ვიყავით და არც მონებივით შევციცინებდით პატრონებს თვალებში…
ქაღალდებზე, ალბათ ბევრი მიმართულებით, წინ წაწეული ვართ, როგორც სახელმწიფო, მაგრამ ჩემი აზრით, როგორც საზოგადოება, დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯებისას უკეთესი ვიყავით.
P.S. არავის ვაკნინებ. საკუთარ მეხსიერებაში ვიქექები და 30 წლის წინანდელ საზოგადოებაში ამდენ გაბოროტებულ ადამიანს ვერ ვპოულობ. ერთი ადამიანიც არ მახსოვს, ვინც იმას იტყოდა, რაც დღეს პრემიერმა თქვა, ან თუნდაც იმას იკადრებდა, რასაც დაქირავებული თუ მოხალისე ტროლ-ბოტ-უბრალოდ უსინდისო ადამიანები სჩადიან…
როგორ გიბრუნდებათ ენა, უკრაინა დაადანაშაულოთ საკუთარი ხალხის გენოციდში?“