LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციისთვის შენიღბული კამპანია გააქტიურდა: ISFED

67
189211455-974716676612731-7488310738473643379-n

არასამთავრობო ორგანიზაცია – “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სოციალურ მედიაში ცრუ (ყალბი) მხარდამჭერ ანგარიშებზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული საკითხი პოლიტიკური დისკრედიტაციის ერთ-ერთ იარაღად გვევლინება და მიზნად მომხმარებლების დაბნევას, შეცდომაში შეყვანასა და დეზორიენტაციას ისახავს.

“უკანასკნელ პერიოდში, შენიღბული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნითაც. შენიღბული მხარდამჭერი კამპანიის მიზანი, სხვადასხვა ყალბი გზავნილით, პროტესტის მხარდამჭერთა დეზორიენტაციაა, მათ შორის, აქტივისტებსა და პრორუსული კურსის პოლიტიკოს ლევან ვასაძეს შორის კავშირის წარმოჩენით,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 23 მაისს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე “რიონის ხეობის” მცველების მიერ გამართული აქციის შემდეგ “ფეისბუქზე” ცრუ მხარდამჭერი გვერდების მხრიდან, აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ფოტოებიც გავრცელდა. ასევე, ღიად მადისკრედიტირებელი დასპონსორებული კამპანია წარიმართება ნაციონალისტური გზავნილებით შენიღბულ პროპაგანდისტულ გვერდზე „პატრიოტთა გაერთიანება იბერია.“

“აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს ყალბმა გვერდმა „მხარდაჭერა რიონის მცველებს“ ფეისბუქზე ამავე სახელწოდების ჯგუფიც შექმნა. 24 მაისის მდგომარეობით, ჯგუფში 698 მომხმარებელია გაერთიანებული. გვერდზე განთავსებული პოსტები აქტიურად ზიარდება მოცემულ ჯგუფშიც, რაც სამიზნე აუდიტორიის მეტად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს,” – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.