საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა დარჩენილი, ფედერაცია ახალ მწვრთნელს ყველგან ეძებს, მაგრამ ხელშესახები ჯერ არაფერი ჩანს. მეტი მოლოდინია, რომ უცხოელი სპეციალისტი დაინიშნება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებს ჯერჯერობით უარს ეუბნებიან.
დღეს კი ერთი საინტერესო ვარიანტი გაჟღერდა.
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ შეთავაზება „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ჰქონდა.
„ჩემს შესახებ გადაწყვეტილება (ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებში და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს, ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით „დინამო“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში უკვე იყო. 2019 წლიდან კვიპროსზე დაბრუნდა და ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ჩაიბარა.
საქართველოს ნაკრებს მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. პერსპექტივა ძალიან არასახარბიელოა. ერთი კვირის განმავლობაში გვიწევს ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება შვედეთთან (სტუმრად), ესპანეთთან (შინ) და საბერძნეთთან (სტუმრად). ყველა თანხმდება იმაში, რომ ეს პირდაპირ საკუთარი ფეხით გილიოტინაზე ასვლაა, რაც ალბათ უარის თქმის მთავარი მიზეზია.
არც ისე დიდი ხნის წინ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა არ გამორიცხა, რომ ნაკრებში დროებითი მწვრთნელი დაინიშნოს და ახალი სპეციალისტი ოდნავ მოგვიანებით მოიძებნოს, რასაც საფეხბურთო წრეებში კრიტიკა მოჰყვა.