რა ტიპის ალერგიები იჩენს თავს ახალი წლის პერიოდში, საშიშია თუ არა საახალწლო დეკორაციები ალერგიული ადამიანებისთვის და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიონ მათ, რა კერძებს და სასმელებს უნდა მოვერიდოთ საახალწლო სუფრაზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, ალერგიული რეაქციის თავიდან ასარიდებლად – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – მაკა რუხაძემ ისაუბრა.
ქალბატონო მაკა, ახალი წლის პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ალერგიები… ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემები გვხვდება ამ პერიოდში, რა ჩივილებით მოდიან პაციენტები და როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები, როგორ ავარიდოთ თავი ალერგიული სიმპტომების გამწვავებას?
რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მრავალი პრობლემა არსებობს და ჩვენ უფრო სიფხიზლით, უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ ასპექტებს, რომ ამ ყველაფერმა გავლენა არ მოახდინოს ჩვენს საახალწლო, სადღესასწაულო განწყობაზე.
რა საკვირველია, საახალწლო განწყობისთვის მნიშვნელოვანია საახალწლო დეკორაციები, საახალწლო ნაძვის ხე, რასაც ტრადიციულად ყველა ოჯახში შევხვდებით, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია გარკვეული ფაქტორები. მართალია, ბოლო წლებში უპირატესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს ენიჭება, თუმცა ზოგიერთი ოჯახი კვლავ ბუნებრივ ნაძვის ხეს იყენებს, რაც გარკვეულწილად საფრთხილოა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს მწვანე საფარს, რაც ჩვენი ქვეყნის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს და თუ მაინცდამაინც ბუნებრივი ნაძვის ხე გვსურს, ქოთნის ნაძვის ხეზე მაინც შევაჩეროთ არჩევანი, რომ შემდეგ მისი გრუნტში გადატანა შევძლოთ.
ბევრი ეზოში რთავს ცოცხალ ნაძვის ხეს და ესეც გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რადგან გასათვალისწინებელია გარემო, სადაც ნაძვი იზრდება, პესტიციდები, მწერის ნარჩენები და ა.შ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წიწვოვანი ხეები უფრო ტენიან, ნესტიან ნიადაგში იზრდებიან, რაც ძალიან ხელსაყრელია ობის სოკოს გავრცელებისთვის.
თუ ჩვენ სახლში შემოგვაქვს ბუნებრივი ნაძვის ხე, ის შემოტანამდე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, დამუშავდეს და კარგად გაშრეს. თუ ჩვენ შევამჩნევთ, რომ სახლის პირობებში შემოტანილ ნაძვის ხეს გაუჩნდა ობის სოკო და ა.შ. , აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ელიმინაცია, ანუ ხე უნდა მოვარიდოთ სახლს, რომ მან გარკვეული სიმპტომების გამწვავება არ გამოიწვიოს.
ამ დროს ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ აქვთ გაჭედილი ცხვირი, ცემინება, რასაც ჰაერში გარკვეული მტვრის მარცვლების გავრცელებას უკავშირებენ, თუმცა აქ სხვაგვარად არის საქმე, რადგან ამ პერიოდში, ნაძვს, სოჭს, ფიჭვს ყვავილობა დასრულებული აქვთ და აქ ხშირ შემთხვევაში ნაძვის მტვერი შესაძლო ალერგენს არ წარმოადგენს. აქ უფრო ის ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. გასათვალისწინებელია ნაძვის ხის ნაყოფიც, რომელიც ასევე შეიძლება, რომ ალერგიის გამომწვევი მიზეზი იყოს.
რაც შეეხება ნაძვის ხის ნაყოფს, არსებობს მონაცემები, რომ შესაძლოა, მას ჯვარედინი კავშირი ჰქონდეს სხვა თხილეულთან, ისეთ გავრცელებულ საკვებ ალერგენთან, როგორიცაა არაქისი. აღსანიშნავია, რომ ეს ნაძვის თუ ფიჭვის ნაყოფი კულინარიაშიც ფართოდ გამოიყენება და ხშირად შედის, მაგალითად, იტალიურ სამზარეულოში, პესტოს შემადგენლობაში, საკონდიტრო წარმოებაში, ასევე გარკვეული ლუდის წარმოებაში. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ ეს ნაყოფი ზოგიერთი საკვების შემადგენლობაშიც შეიძლება შედიოდეს.
ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ იმასაც, რომ საახალწლო განწყობასთან ასოცირდება ნაძვის ხის არაჩვეულებრივი სურნელი, თუმცა აქაც აღმოჩნდა, რომ თურმე, ამ სურნელს სპეციალური ნივთიერებები, ე.წ. ტერპენები ქმნის და შესაძლოა, რომ ნაძვის ხის სახლში შემოტანამ და ამ მძაფრი სურნელის კონცენტრაციამ ასთმის, ალერგიული რინიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ცემინების გამწვავება გამოიწვიოს.
რაც შეეხება თვითონ ხელოვნურ ნაძვის ხეს, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტს, რადგან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებულ ნივთიერებებს და საღებავებს. ხელოვნური ნაძვის ხეც აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, დამუშავდეს და კარგად გაშრეს დადგმამდე. სასურველია, რომ ნაძვის ხის მოწესრიგებისას ნიღაბი გამოვიყენოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც უკვე დავშლით ნაძვის ხეს, ის ჰერმეტულად დახურულ სათავსოში, მშრალ პირობებში შევინახოთ, რათა მას ობის სოკოს და ა.შ. გავრცელების საშუალება არ მივცეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ოთახის მტვრის ტკიპებიც, რადგან თუ ნაძვის ხე მთელი წლის განმავლობაში მტვრიან გარემოში იქნება, შესაძლებელია, რომ ის ოთახის მტვრის ტკიპების გამრავლების, გავრცელების წყაროც კი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ შენახვამდე კარგად დამუშავდეს და გაიწმინდოს საახალწლო დეკორაციებიც და მხოლოდ ამის შემდეგ შევინახოთ ისინი მშრალ, ჰერმეტულად დაცულ გარემოში.
მქონია შემთხვევა, როცა პაციენტს ბუნებრივ ნაძვთან შეხების დროს კონტაქტური დერმატიტი გამოუვლინდა. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაძვის წებოვანი ნივთიერებაც შეიძლება გახდეს ალერგიული, კონტაქტური დერმატიტის მიზეზი.
ალერგიის გამომწვევი შეიძლება იყოს შობის ვარსკვლავიც, მცენარე, რომელიც ძალიან გვიყვარს. თუ ადამიანს ლატექსის მიმართ ალერგია აქვს, აღნიშნულ მცენარეს უნდა მოერიდოს, რადგან შობის ვარსკვლავი შეიცავს იმ ნივთიერებას, რისგანაც ლატექსი მზადდება. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ მცენარეს თუ მისი ფოთოლი ან ღერო დაზიანდება, რადგან სწორედ აქედან გამოიყოფა აღნიშნული ნივთიერება. ის სპაზმური ხველის და ალერგიული რინიტის მიზეზიც შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ ლატექსი ხშირად შედის რეზინის ხელთათმანების შემადგენლობაში, დეკორატიულ კოსმეტიკაში, მაგალითად, შედის წებოში, რომელსაც წამწამების კორექციისას იყენებენ. ლატექსი არის მნიშვნელოვანი ალერგენი, რომელსაც შეიძლება, ჯვარედინი რეაქცია ჰქონდეს ავოკადოსთან, ბანანთან, წაბლთან. თუ რესტორანში მზარეულმა ლატექსის შემცველი ხელთათმანით დაამზადა საკვები, ესეც კი შეიძლება, რომ გარკვეული საფრთხის მიზეზი აღმოჩნდეს.
საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა სადღესასწაულო ზეიმებზე ხშირად იყენებენ ე.წ. ხელოვნურ თოვლს, სურნელოვან სანთლებს და ამ ყველაფერსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ ეს სანთლები დამზადებული იყოს ცვილისგან და არ იყოს ძალიან სურნელოვანი. მართალია, ჩვენ უნდა შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვადასხვა დეკორაციების შემადგენელ ნივთიერებებს, გამოყენებულ საღებავებს და ა.შ. თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ, ზემოთ აღნიშნული სხვადასხვა პრობლემები ნაკლებად შეგვაწუხებს.
გარდა ალერგიისა, ამ სეზონზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია პოსტვირუსული რეაქციებიც. ადამიანები ძალიან ხშირად უჩივიან ნარჩენ ხველას, გაჭედილ ცხვირს… თქვენ რა პრობლემებს გამოყოფდით ყველაზე მეტად და რა რეკომენდაციას გასცემდით, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ დროს?
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხმრავალი ადგილები, საბავშვო ზეიმები, დღესასწაულები და ა.შ. ჰაერწვეთოვანი ინფექციების გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოა.
გაჭედილი ცხვირი მართლაც სერიოზული პრობლემაა და ამ დროს ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გახანგრძლივდეს, რადგან ვირუსით იყოს განპირობებული და ასეთი ადამიანი აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. შეიძლება, გახანგრძლივდეს ხველაც, მაგრამ ის არ უნდა გართულდეს.
თუ ბავშვი ხშირად მოავადეა, შეიძლება, რომ ვირუსიდან ვირუსამდე ვერ ასწრებდეს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ამიტომ ხანგრძლივად ჰქონდეს გარკვეული სიმპტომები. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ბავშვებისთვის თუ მოზრდილებისთვის მთავარი იარაღი ვაქცინაციაა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს ასეთი ადამიანების წინასწარი ვაქცინაცია.
რაც შეეხება ალერგიულ დაავადებებს, იქნება ეს ოთახის მტვრის ტკიპას, სოკოვანი ალერგენების თუ მცენარეების მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დაავადების პრევენციისთვის და მკურნალობისთვის, სპეციფიკურ იმუნოთერაპიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რა თქმა უნდა, თუ პაციენტს აქვს ასთმა და მას თან დაერთო ვირუსული ინფექციაც, შესაძლოა, პრობლემა უფრო გართულდეს და გართულდეს მისი მართვაც.
ჩვენ სხვადასხვა სიმპტომების მაპროვოცირებელ ფაქტორებზეც, მაგალითად, ნაძვის ხის სურნელზე, დეკორატიულ ნაძვის ხეზე, სურნელოვან სანთლებზე და ა.შ. ვისაუბრეთ, რაც, რა თქმა უნდა, ალერგიული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისთვის თავის მაქსიმალურად არიდება, ვაქცინაცია, ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია.
არის თუ არა მთიანი კურორტები ერთ-ერთი გამოსავალი ვირუსების შემთხვევაში?
ნამდვილად ასეა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წიწვოვანი გარემო. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ ხალხმრავლობას, სიმჭიდროვეს.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გაკაჟება, ჯანსაღი კვების რაციონი, კურორტოთერაპია, სპორტული აქტივობა. რა თქმა უნდა, თუ არის ამის საშუალება, კარგია, მაღალმთიან რეგიონში გარკვეული დროით გასვლა, სადაც არის სუფთა გარემო, არ ვრცელდებიან ოთახის მტვრის ტკიპები და ა.შ.
რა კერძებს უნდა მოვერიდოთ საახალწლო სუფრაზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია?
ერთ-ერთი გავრცელებული ალერგენია ნიგოზი. საერთოდ, ჩვენ ვიცით, რომ კვებითი ალერგენის 270-ზე მეტი სახეობაა, მაგრამ აქაც გარკვეული ნიუანსებია გასათვალისწინებელი. ადრე დიდ რვიანს გამოყოფდნენ, ახლა დიდ ცხრიანს გამოყოფენ და მასში შედის რძე, კვერცხი, არაქისი, სოია, ხორბალი, სეზამი, რაც ხშირად იწვევს ანაფილაქსიას, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა.
როდესაც ალერგიული ადამიანი სტუმრად მიდის, უმჯობესია, რომ მასპინძელი გააფრთხილოს და უთხრას, რომ მას ამა თუ იმ კონკრეტულ პროდუქტზე ალერგია აქვს.
ახალი წლის პერიოდში ხშირია არა მხოლოდ საკვებით, არამედ სასმელით გამოწვეული ალერგიებიც. ბევრი კოქტეილის შემადგენლობაში შედის კვერცხის ცილა, ის ასევე შეიძლება შედიოდეს ვისკის შემადგენლობაში. ბევრი ჯინის შემადგენლობაში შედის ნუში. ლუდის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს თხილი, კაკალი.
აღსანიშნავია, რომ არსებობს 14 ალერგენი, რომელიც ევროკავშირის რეგულაციით, აუცილებლად ეტიკეტირებული უნდა იყოს, თუ ის გარკვეული პროდუქციის შემადგენლობაში შედის. მათ შორის შედის მოლუსკები, პარკოსნები, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიახურიც კი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყურადღება გამახვილებულია გოგირდის დიოქსიდზეც, რომელიც სულფიტების სახელით არის ცნობილი. სულფიტების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რომაული პერიოდიდან მოდის. აღმოჩნდა, რომ ის უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებას და გარკვეულ წილად, საკვების გემოზე და ფერზეც მოქმედებს. სულფიტები ხშირად შედის ღვინის, ლუდის შემადგენლობაში. ნაბახუსევზე ხშირად ამბობენ, რომ რეაქცია მისცათ ღვინომ. ღვინოზე პირდაპირი ალერგიული რეაქცია იშვიათია, ის უფრო მაპროვოცირებლის როლში შემოდის, მაგრამ ხშირია კანის სიწითლე, ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, ურტიკარია, რასაც შეიძლება, ალერგიული რინიტიც დაერთოს.
ამ 14 ალერგენის გარდა, კიდევ არის ოსპი, კივი და მათაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
არის შეფარული ალერგენებიც, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რისგან შედგება საკვები. მაგალითად, საახალწლო ნუგბარში ხშირია მარციპანი, რომელიც ლამაზი და ფერადია, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ნუში და კვერცხის ცილა.
ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, აქტუალურია თაფლი და ნიგოზი, რადგან გოზინაყის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია.
თუ ადამიანს ანამნეზში აქვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, ანაფილაქსია, მან აუცილებლად უნდა იცოდეს საკვების შემადგენლობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვების მომზადებისას არ მოხდეს კონტამინაცია, ანუ არ უნდა იყოს გამოყენებული ის ჭურჭელი, სადაც რძიანი, თხილიანი თუ არაქისიანი პროდუქტი დამზადდა.
14 ალერგენის სიაში შედის მდოგვიც. ასევე არის სანელებლებიც, რომლებიც ალერგიული რეაქციის პროვოცირებას იწვევენ.
აუცილებელია, რომ სიფრთხილით შევარჩიოთ საკვები და დავიცვათ ზომიერება, რადგან ალერგია შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ტკბილეულის, ციტრუსის, თუნდაც არაალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმლის მიღებამ.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ხშირად ფერმენტულად ვერ ინელებენ სხვადასხვა საკვებს. არის ისეთი ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც თვითონაც შეიცავენ ე.წ. ჰისტამინს, რაც ალერგიული დაავადებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიატორი გახლავთ და განაპირობებს კანის ქავილს, ჭინჭრის ციებას და ა.შ. ადამიანები უნდა მოერიდონ ისეთი საკვების მიღებას, სადაც ეს ჰისტამინი ჭარბი რაოდენობით შედის და ასეთი შეიძლება იყოს – სასმელი, ციტრუსები, შებოლილი შაშხი, სხვადასხვა სანელებლები, დარიჩინი, კენკრა.
ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ზოგიერთი საწებლის, ნიგვზიანი თუ სხვა პროდუქტის კარგად შენახვისთვის გამოიყენება ე.წ. აცეტილსალიცილის მჟავა, ამიტომ სტუმრები აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ, თუ რომელიმე პროდუქტის შემადგენლობაში დამატებულია ეს მედიკამენტი, რადგან ადამიანებში, რომელთაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ანუ მედიკამენტური ალერგია აქვთ, შეიძლება, რომ ასეთი პროდუქტების მიღებამ, ალერგიული რეაქციის გამწვავება და კლინიკური გამოვლინება გამოიწვიოს.