“ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული – 14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში უკვე მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას “რუსთავი2 ” ავრცელებს. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.
14 წლის გოგონას ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ირკვევა, რომ პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო.
“ვიღაცას ემესიჯებოდა, შევიდა სახლში, ტელეფონი შეაერთა დასატენად, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი. მე არ ვიცი ვინ მოწამლა, რას ერჩოდნენ ცემს შვილს, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვი არის მოწამლული. პოლიცია არაფერს არ აკეთებს, სანამ არ ჩავრიეთ ხალხი, პოლიციის თანამშრომლებმა, გამომძიებელმა ექსპერტიზას არ გადასცა ტელეფონი რომ ამოეღოთ ზარები,”-აცხადებს გოგონას მამა, გიორგი ჭახელიძე.
14 წლის მოზარდის დედა კი იხსენებს, რომ ბავშვი ბოლო დროს დეპრესიული იყო.
“ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო,”-აცხადებს ინგა ბურდული.
ბავშვის დეიდა, ინეზა ბურდული კი ამბობს, რომ მოზარდმა ტელეფონიდან ყველა ზარი და მიმოწერა წაშალა.
“ეს ბავშვი ალბათ ასრულებდა დავალებებს რომ ნელ-ნელა შეჩვეოდა იმ ტკივილს, რომ სუიციდი არ გასჭირვებოდა,”- აღნიშნა ინეზა ბურდულმა.