LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზიურში” 13 ივნისის სიმბოლოს – ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა

136
Untitled design

ბავშვთა ქალაქ “მზიურში” 13 ივნისის სიმბოლოს – ჰიპოპოტამ “ბეგის” ქანდაკება გაიხსნა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო:

“ნაწილობრივ სასიამოვნო დღეა, ჩემს უკან ხედავთ ბეჰემოთის ქანდაკებას, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა” – თბილისის მერმა და პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

“დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა – ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება “მზიურის” პარკში განთავსებულიყო.

ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება. სულ სიძლიერე ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.

ქანდაკების ესკიზის კონკურსი 2019 წელს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. კონკურსში გამარჯვებული ავტორი თბილისის მერიის მიერ შექმნილმა, 12-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა.

წყალდიდობამ თბილისში 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები