მმართველი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ მზად არის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია ხელმოწერისთვის მზად არის 43%-იანი მაჩვენებლით:
“ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე.
“ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.
დღესვე, პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს.