შესაძლოა, მალე საქართველოში პირველი ქართული ველოსიპედის წარმოება დაიწყონ, თუმცა, ის რაც ამ ეტაპზე ნამდვილად ცნობილია – პირველად, ჩვენს ქვეყანაში მინი ველობაზა ამოქმედდება. პროექტს Georgian Bicycle Group განახორციელებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე აცხადებს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე Georgian Bicycle Group-მა შეიძინა 250 კვადრატული მეტრი ფართობი, სწორედ აქ იგეგმება ველობაზის მოწყობა.
„პროექტი ითვალისწინებს ველოსიპედების განვითარებას საქართველოში და მის ხელშეწყობას, კერძოდ, იქნება უმაღლესი დონის ველოსახელოსნო, ელექტროველოსიპედების სერვისცენტრი, ველოსიპედების წარმოების ლაბორატორია. თუ მსოფლიო ინდუსტრია და ველომწარმოებლები მოგვცემენ უფლებას, რომ მოგვაწოდონ ნაწილები, მზად ვართ აქ დავიწყოთ ქართული ველოსიპედის აწყობა“,- აცხადებს კიკნაველიძე „ბიზნესპარტნიორთან“.
ცნობისთვის, მინი ველობაზა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 თვეში გაიხსნება.