საქართველოში უამრავი საოცარი ადგილია, რომლის შესახებაც არ გვსმენია – ეს წელს, კიდევ უფრო კარგად დავინახეთ. უკვე გაპოპულარულებული ადგილები, გომის მთა და მისი მსგავსები, ქართველების უმეტესობამ მოიარა, თუმცა არის ადგილები, რომლებსაც დიდი პოტენციალი და ნაკლები ცნობადობა აქვს.
ის სიმწვანე, რომელიც ყველა ჩვენგანს ქალაქებში ძალიან გვაკლია, ამ უცნობ ადგილებზეა გადანაწილებული. ერთ-ერთი ასეთია სოფელი უხუთი.
უხუთი ვანის რაიონში, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე კვინისწყალის (რიონის სისტემა) მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ზღვის დონიდან 450 მეტრზე. ვანიდან 23 კილომეტრია.
სოფელში უხუთი განსაკუთრებული ბუნებრივი ლანდშფტით გამოირჩევა და მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „მწვანე სოფელი“.
ვანის ტურიზმის ცენტრში ამბობენ, რომ ხედების გარდა, უხუთში განსხვავებული, ჟანგბადით გაჟღენთილი ჰაერია, რაც მოსაზღვრე ალპური ზონითაა განპირობებული.
“სოფლის ცენტრიდან ხელისგულივით იშლება ულამაზესი მთის ხედები, რომლის დაბლობზეც აქა-იქ მომიფანტულა ლამაზი სახლები. უხუთში ასვლისას ულამაზესი ხედების გარდა, პირველი, რასაც გრძნობთ, ეს ბარისგან მკვეთრად განსხვავებული ჟანგბადით გაჟღენთილი სუფთა და გრილი ჰაერია, რასაც ხელს უწყობს ის, რომ უხუთი ესაზღვრება ვანის ალპურ ზონას.
ცხელ დღეებში კი იქვე ჩამავალ მდინარე კვინისწყალს შეგიძლია ესტუმროთ საბანაოდ და სათევზაოდ” – აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტში.
უხუთში სტუმრობისთვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – კოლორიტი ბატონი ხახუტა, რომელიც დურგლობით, მეწისქვილეობით და საინტერესო ადამიანებით დაინტერესებულ ხალხს, ნამდვილად გააოგნებს – მასტერკლასებს ჩაგიტარებთ და განწყობასაც შეგიქმნით.
უხუთში განვითარებულია მევენახეობა/მეღვინეობა, ძირითადად გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ადესა, ალადასტური. ასევე განვითარებულია მეთხილეობა.