LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერლების პროტესტის გამო, ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ გაიმართება

60
1627900266

მწერლების პროტესტის გამო, ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ გაიმართება.

“მწერალთა სახლის” ინფორმაციით, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან 92 წიგნი მოიხსნა. გარდა ამისა, მუშაობაზე უარი თქვა “მწერალთა სახლის” მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც.

„ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს „მწერალთა სახლის“ ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა.

წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე „მწერალთა სახლი“ ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

„მწერალთა სახლი“ ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „მწერალთა სახლმა“, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება. „მწერალთა სახლი“ იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

„მწერალთა სახლის“ საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები