დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიმართვაშია ნათქვამი, რომლითაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს.
„რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა მემკვიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფლმხედველობაში ჩარჩენისა და საქართველოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა.
უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობასა და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პეტრე ცაავას მიმართვაში, რომელსაც იღუმენია თამარ გამყრელიძე ავრცელებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იყო და არის წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.