LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური გამოცდილება, რომლის მსგავსიც ქართველ მსმენელს არასდროს მიუღია – ბიორკი თბილისურ სცენაზე…

149

31 ოქტომბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თანამედროვე ზღაპრის გმირი ვიხილეთ – ისლანდიელი შემსრულებელი, ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი…

სცენაზე გამოსვლისთანავე გრძელ წითელ კაბაში და ჯეიმს მერეს მიერ შექმნილ მბრწყინავ და ფერად ნიღაბში გამოწყობილმა მომღერალმა თითქოს საკუთარი ტერიტორია შემოსაზღვრა. საინტერესოა, რომ პირველი განყოფილების დროს, ის თან ძალიან ახლოს იყო მსმენელთან, თუმცა დისტანციასაც ინარჩუნებდა. ბიორკი არ არის ის შემსრულებელი, რომელიც ძალიან ახლოს მიგიშვებთ, მისი მუსიკით ტკბობა შორიდან შეგიძლიათ, თუმცა აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას, თუკი დაინახავს, რომ მის კონცერტს ჩართული ტელეფონიდან ადევნებთ თვალს. გეტყვით: „მე თქვენთან შესახვედრად დიდი გზა გამოვიარე, მინდა, თქვენი თვალები დავინახო… და ვერ ვხედავ…“ მის კონცერტზე ყურადღების კონცენტრირება გასაჭირს ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან ეს არის არა მხოლოდ მუსიკალური მოვლენა, არამედ ერთგვარი თეატრალური პერფორმანსი, სადაც მუსიკა არა მხოლოდ ბგერებით, არამედ პლასტიკის საშუალებითაც მოაქვთ თქვენამდე… ერთგვარი ტალღები, რომელსაც ბიორკი ხელებით პერიოდულად აკეთებს, თითქოს მის კომპოზიციებს მიმართულებას აძლევს, რომ მსმენელამდე ადვილად მოაღწიოს… რაც შეეხება ვოკალურ ტექნიკას, ბიორკი ყველა ბგერას, ნოტს და თითოეულ სიტყვას, რომელსაც მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სრული სიზუსტით აჭედებს მსმენელის გონებასა და სულში.

კონცერტის პირველ განყოფილებაში ალბომი „ვულნიკურა“ შესრულდა. ეს არის ერთგვარი ერთიანი მუსიკალური ქსოვილი, რომელიც მომღერალს სხვადასხვა ამბად აქვს დაყოფილი. „ვულნიკურას“ მოსმენისას, წარმოუდგენელია, რომ კონცერტს ერთი წამით მაინც გამოეთიშოთ, რადგან სრული ნაწარმოების ძაფს ხელიდან აუცილებლად გაუშვებთ და შემდეგ მისი გონებაში თავიდან ჩატვირთვა მოგიწევთ…

მეორე განყოფილებაში ბიორკი უფრო თავისუფალი ჩაცმულობით გამოვიდა სცენაზე, ნიღაბიც მოიხსნა და ვარდისფერ ორეულს ირმა შარიქაძის მიერ მიძღვნილი ამავე ფერის ყვავილებიანი თავსაბურავი შეუხამა… მეორე ნაწილი უფრო მეტად გახსნილი იყო და თითქოს ეს დისტანციაც შემცირდა, მით უმეტეს, ბიორკი მსმენელს მისთვის ნაცნობ მუსიკალურ ენაზე დაელაპარაკა – ცნობილი კომპოზიციების პირველივე ნოტების აჟღერება დარბაზში აჟიოტაჟსა და ოვაციებს იწვევდა…

კონცერტის ბოლოს, ბიორკმა აღნიშნა, რომ სცენაზე უამრავი ქართველი მუსიკოსი იმყოფებოდა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, და მათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა. ამ მადლობას მაყურებელიც შეუერთდა და მუსიკოსები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ორკესტრს ახალგაზრდა დირიჟორი ბარნი ფრიმან ბარანსონი ხელმძღვანელობდა…

გიგი დედალამაზიშვილი, მომღერალი:

ბიორკი ჩემამდე ახალგაზრდობაშივე მოვიდა და მას მერე თაყვანისმცემელი ვარ. ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ უკრაინიდან, მომღერლები, სწორედ ამ კონცერტისთვის („ფორტუნას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი „ევროვიზიის“ გამარჯვებული ჯამალაა). კარგია, რომ საქართველოში ასეთი რაღაცები ხდება. კონცერტი იყო შესანიშნავი. ორივე განყოფილება თანაბრად საინტერესო იყო. პასტითა და ფურცლით რომ უნდა დაჯდე და ჩაიწერო (იღიმის).

ია ჩანტლაძე, მომღერალი:

ბიორკის სერიოზული მოყვარული ვარ და მისი კონცერტი ჩემთვის ბედნიერება იყო, ყველა ნოტი განვიცადე, დრამაში ვიყავი (იღიმის). ფანტასტიკური ჟღერადობა იდგა. აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ორკესტრითაც. კამერული კონცეფციაც კარგი იყო, მაგრამ ვისურვებდი, მომესმინა ის საუნდი, რითაც ნამდვილი ბიორკია ცნობილი… ამ კონცერტით კი აღფრთოვანებული დავრჩი…

ბევრი მელომანისგან მომისმენია აზრი, რომ ბიორკი უფრო ვიზუალური არტისტია, ვიდრე მუსიკოსი. ამას არ ვეთანხმები. ვინც ასე ფიქრობს, შეუძლია, დაესწროს ამ კონცერტს და ნახოს, როგორ მუსიკას ქმნის და როგორი მომღერალია ბიორკი…

მიშა მდინარაძე, კომპოზიტორი:

ეს არის ბიორკის მეორე კონცერტი, რომელსაც დავესწარი, აქამდე 2003 წელს ვიყავი, მაგრამ სრულიად სხვადასხვანაირი იყო. ეს არის ქალი, რომელსაც ყველა ალბომში ისე შეუძლია შეცვალოს მუსიკალური ქსოვილი და აზროვნების მიმართულება, რომ ვერ მიხვდები, ერთსა და იმავე არტისტს უსმენ თუ არა… მას აქვს საოცრად შთამბეჭდავი ხმა, რომელიც სცენიდან გელაპარაკება. ეს არის დიალოგი შემსრულებელსა და მაყურებელს შორის. შეუძლებელია, მისი კონცერტიდან ცარიელი გამოხვიდე, არ იფიქრო მის მუსიკაზე, ტექსტებსა და შესრულების ფორმაზე.

მინდა, გულითა და სულით მივულოცო ბიორკის ყველა მოყვარულს და არამოყვარულს. ლაივში მისი მოსმენა კიდევ სხვა რამეა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიორკი თავადაც გამდიდრდა თავისი გულშემატკივრები.

 

რეზო კიკნაძე, კონსერვატორიის რექტორი:

ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი იყო, კონცერტიც, მუსიკაც, ბიორკი ისეთ ატმოსფეროს ქმნის თავის გარშემო, რომელიც აჯადოებს მსმენელს. სპეციალურად მინდა აღვნიშნო ჩვენი ფილარმონიური ორკესტრის ძალისხმევა და მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ჩვენი ორკესტრის ღიაობა სხვადასხვა ჟანრის მიმართ, რაც აკადემიურ ორკესტრებს შორის იშვიათია, პლუსია, რადგან მრავალი სახის მუსიკასთან ურთიერთობს გულღიად და ორგანულად.

„SOU ფესტივალი“ მენეჯერული კუთხით, გემოვნების თვალსაზრისითაც, განუმეორებელი და აღტაცების ღირსია. მთლად გვირგვინი იყო, როცა მიხვდნენ, კონსერვატორიის სტუდენტების დიდი ნაწილი ამ კონცერტს ვერ დაესწრებოდა და მათ კარი გაუღეს… ჩვენი სტუდენტების ნაწილი მათთან უკვე მუშაობს და ეს მოსალოდნელიც იყო, პრინციპში. ეს ფესტივალი არის არა მხოლოდ კარგი მენეჯერების, არამედ შესანიშნავი ადამიანების წამოწყება და „SOU ფესტივალს“ განსაკუთრებული მადლობა ამისთვის.

ღონისძიების შემდგომ, ბიორკის „ინსტაგრამის“ გვერდზე თბილისური კონცერტის ფოტო დადო და ქართულად დააწერა: „დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის…“, რასაც, რასაკვირველია, ქართულ სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დღეიდან ბიორკი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს ქართული ფოლკლორის გასაცნობად, თუმცა როგორც fortuna.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მან უკვე მოისმინა ანჩისხატის მგალობელთა გუნდი და აღფრთოვანება ვერ დამალა. გარდა ამისა, მან თბილისშიც გაისეირნა, ერთ-ერთ კაფეში და ასევე ესტუმრა ქართულ რესტორანს, სადაც ადგილობრივი კერძებიც დააგემოვნა.

3 ნოემბერს, მისი მეორე კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ყველა ბილეთი გაყიდულია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები