თბილისში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო კიდევ 2 ბაღი დაიკეტა. სულ, ამ ეტაპზე, დახურულია 25 ბაღი. ამის შესახებ კახაბერ გვანცელაძემ “პირველ არხთან” ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ინფიცირებულებს შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე თანამშრომლები.
“კოვიდინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ორი ბაგა-ბაღი დაიხურა. ჯამში ამ დროისთვის თბილისში სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღში არ მიმდინარეობს. ინფიცირებულია შვიდი აღსაზრდელი და 18 თანამშრომელი.
გუშინ, გვიან ღამით მივიღეთ ინფორმაცია ტესტების შესახებ და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული გუშინ ღამითვე ორ ბაღთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება დახურვასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს საბჭომ და შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ. უმაღლეს დონემდე არის აყვანილი უსაფრთხოების ზომები, ყველა რეგულაცია ჩვენს ბაღებში აღსრულების პროცესში არის და თავად ბაღები არიან უსაფრთხო გარემოში. დასწრებამ მნიშვნელოვნად იკლო წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით და ეს არის დაახლოებით 25-პროცენტიანი კლება“,-განაცხადა გვანცელაძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება დაიწყება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ დავიწყებთ 11 000-ივე თანამშრომლის ტესტირებას. თუმცა პირველ ეტაპზე ეს იქნება შემთხვევითი შერჩევის მეთოდით და დაახლოებით 16%-ზე არის საუბარი, რომ დავიწყებთ სწორედ მათი ტესტირებით და ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გაივლოს ტესტირებას. 11 000 თანამშრომელი, რომელშიც შედის, როგორც აღმზრდელი, ასევე ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი“,-განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.