LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურატ ჯიოევი – არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა

35

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთოსური მხარე ტატუნაშვილის ახლობლებსა და ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი ტრაგედიაა, მიუხედავად გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ კითხვებისა, რომლებიც გააჩნია „სამხრეთ ოსეთის“ სამართლადამცავ ორგანოებს.

„როგორც უკვე ცნობილია, მისი სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისთის, რომ ჩვენი დასკვნა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მასალები გადავუგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტს“, – განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, გარდაცვლილის სხეული ექსპერტიზის შედეგების ასლებთან ერთად, რომლებსაც მიიღებენ უახლოეს პერიოდში, საქართველოს გადაეცემა. ჯიოევის განცხადებით, ყველა მხარემ დღეისთვის უნდა იზრუნოს იმაზე, რომ „ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა“. მისივე თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.

„შაბათს ისინი გათავისუფლდნენ და ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან ლენინგორში, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს მათთან კითხვები აქვთ, ისინი დროებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, მათ ქართულ მხარეს გადავცემთ“. – განაცხადა ჯიოევმა. მისი თქმით, ტატუნაშვილის ბებია ლენინგორში ცხოვრობს.