LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური განვითარების ფონდი კაცხში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს

91

მუნიციპალური განვითარების ფონდი კაცხში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, კაცხის სვეტთან დაგეგმილია კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე ე.წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაო ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. უკვე წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კაცხის მონასტერთან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო და კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა. გამაგრდა მონასტრის გუმბათი, რესტავრირდა სარკმლები და გალავანი. კეთილმოეწყო ტერიტორია, ავტოსადგომი, სველი წერტილები. რეაბილიტირდა კერძო პირების ღობეები და ჭიშკრები, სასაფლაოს გალავანი, მონასტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები