ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ხანგრძლივობისა, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სრულყოფილი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, მიზეზი მუხთარლის განცხადებით, თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს პროკურატურა. უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გამოკითხვის დაწყებამდე, საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულის შემდეგ, ახალი თარჯიმანი მოიწვიეს, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. უწყების ცნობით, დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მუხთარლიმ განაცხადა, რომ მეორე თარჯიმანიც ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნას.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მას კვლავ შესთავაზეს ახალი თარჯიმნის მოწვევა, რაზეც მუხთარლიმ უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა.
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ პროკურატურას ჩვენება ვერ მისცა, რადგან თარჯიმანი არ ჰყავდათ
"პირველად თურქული ენის თარჯიმანი მოიყვანეს, უარი ვთქვი. საათ-ნახევარში ახალი თარჯიმანი მოვიდა და საუბარი დავიწყეთ, თუმცა, ზერბაიჯანული მანაც არ იცოდა, ამიტომაც იქ, დღეს, არაფერი ხდებოდა."
„მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს.
საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე.
საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,-აცხადებენ პროკურატურაში.