საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებს, ბიზნესი კი ფიქრობს, რომ მთავრობა საკუთარ წარუმატებლობას ხალხს და კერძო სექტორს აბრალებს.
„ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში აღშფოთებას იწვევს ის, რომ მუდმივად ცდილობენ ბიზნესს და ხალხს გადააბრალონ მთავრობის წარუმატებლობა“, – ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არ იცის რა არის კრიზისის მართვა. „გავიდა უკვე 14 თვე და შეშინებულია ხელისუფლება, რომ 1000-ს გადასცდა ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ამხელა ქვეყნისთვის არ არის ის მასშტაბი, რომ ვერ მოერიონ. საკმარისი დრო იყო იმისთვის რომ მოემზადებინათ საავადმყოფოები, ჩაეტარებინათ ტრენინგები, შემოეტანათ ვაქცინა და ა.შ. ახლა გადაბრალება, რომ რესტორნები ვერ იცავენ წესებს, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებამ არ იცის რა არის კრიზისის მართვა“, – დასძინა თაბაგარმა “საქმის კურსში” საუბრისას.
რაც შეეხება 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ უქმეებს, ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იქნება. თაბაგარის თქმით, თუ ისევ ჩაიკეტა ყველაფერი, ამას მოჰყვება დიდი პროტესტი და დაუმორჩილებლობაც კი.