LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვრის ორივე ნაპირზე ტურისტული მარშრუტი მოეწყობა

98

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრაცია და  ეკონომიკის სტიმულირება-განვითარება.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის მოწყობას.

პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამასთან, დასრულდა  ზემო კალას რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, ასევე, ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრის რეაბილიტაცია.

„რაც მთავარია, დასრულდა აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, გამზირის ამ ნაწილში, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. განხორციელდა ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-რესტავრაცია, რაც ასევე, საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონების მოწყობა და განვითარება. ასევე, იგეგმება აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.