LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკიცებულებების გამოკვლევით სასამართლო დარწმუნდება, რომ დანაშაული ნამდვილად გიორგი მენაბდემ ჩაიდინა: ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი

159
715x400 (9)

“წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლო დარწმუნდება, რომ დანაშაული ნამდვილად გიორგი მენაბდის მხრიდან იყო ჩადენილი.” – ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

საქმეზე საუბრის დროს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ მენაბდის ბრალდებას საფუძვლად დაედო ახლად გამოვლენილი მტკიცებულებები, მათ შორის კი მოწმე გუგა ბარბაქაძის ახალი ჩვენება.

მისივე თქმით, ისეთი გარემოებებიც გამოიკვეთა, რომელიც გამოძიების პირველ ეტაპზე ცნობილი არ იყო:

“დღეს გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარვდექით. ბრალდების მხარემ სასამართლოს მოახსენა მთელი ის ისტორია როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე – როგორ დაიწყო კონფლიქტი 51-ე სკოლაში და რა მოხდა უშუალოდ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში, კერძოდ, როგორ მიაყენეს ჭრილობები გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდიამ და გიორგი მენაბდემ დავით სარალიძეს.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გიორგი მენაბდე უდანაშაულოდ მიიჩნია, თუმცა მომდევნო სხდომიდან იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით. მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლო დარწმუნდება, რომ დანაშაული ნამდვილად გიორგი მენაბდის მხრიდან იყო ჩადენილი.

საქმეზე არც გამოძიება შეწყვეტილა და არც არსებითი განხილვა. 2017 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე მოხდა რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი მენაბდის ბრალდებას საფუძვლად დაედო ახლად გამოვლენილი მტკიცებულებები, რომლიდანაც გამოვყოფდი გუგა ბარბაქაძის ახალ ჩვენებას. ასევე, გარკვეული დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე ცნობილი არ იყო, ეს უფრო მეტად გამოიკვეთება არსებითი განხილვის სხდომებზე, როდესაც მოწმეები მოვლენ და ჩვენებებს მისცემენ.” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა კი აღნიშნა, რომ არავითარი ახალი ჩვენება არ არის, ბარბაქაძის ჩვენება 2018 წლის 30 ივლისის ჩვენებაა, რომლითაც დადუნაშვილის მკვლელობას აბრალებდა გიორგი მენაბდეს, ამ დროს, სულ სხვა რამ დადგინდა:

“იმ პერიოდში, რომელშიც მოხდა მისთვის ბრალის წარდგენა და ჩატარდა ახალი გამოძიებები, ბრალდების მხარემ ახალი ვერაფერი ნახა. ისევე როგორც არ უნდა რჩებოდეს დანაშაული დაუსჯელი, ასევე არ შეიძლება მერყევი მტკიცებულებებით ადამიანს მოვედავოთ და მოვათავსოთ საპატიმროში.

4 წლის განმავლობაში თუ ეს ყველაფერი ცნობილი იყო, ამ პერიოდის განმავლობაში რატომ არ მოჰყვა ამას ის მოქმედებები, რაც დღეს არის განვითარებული. არავითარი ახალი ჩვენება არ არის, ბარბაქაძის ჩვენება გახლავთ 2018 წლის 30 ივლისის ჩვენება, რომლითაც დადუნაშვილის მკვლელობას აბრალებდა გიორგი მენაბდეს, ამ დროს, სულ სხვა რაღაც დადგინდა.” – თქვა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ბრალდებული გიორგი მენაბდე უფლებადამცველებთან ერთად დაესწრო.

შეგახსენებთ, შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსჯავრდებულები იყვნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მიხეილ კალანდიას კი პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.