მოსკოვს უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, „ამ დადგმაში უშუალო მონაწილეობა მიიღო ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსოფობური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისკენ მიისწრაფის“.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტთა მისია სირიაში გაემგზავრა.
„ხვალ დილით ექსპერტები დამასკოში უნდა ჩავიდნენ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრებიან დუმაში, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულებები არ არის. ჩვენს სპეციალისტებს ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი არ აღმოუჩენიათ“, – დასძინა სერგეი ლავროვმა.
7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო კი ბრალდებებს უარყოფს.