კურორტ კოხტა-მიტარბის განვითარება აქტიურ ფაზაშია. კურორტის განვითარების პროექტს ”თიბისი ჯგუფი” დღეს სასტუმრო „რუმსში“, 20:30 საათზე წარადგენს.
პროექტი ბაკურიანში, „კოხტა-გორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მიტარბში საერთაშორისო სტანდარტების ოთხ სეზონიანი კურორტის მშენებლობასა და განვითარებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა. უკვე ცნობილია, რომ სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსები განაშენიანდება ეწ „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფციით, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი აპარტამენტებისა და სასტუმროების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, პროექტი ვითარდება ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე „კოხტა გორას“ მიმდებარედ, სასტუმრო „რუმსთან“ ერთობლივად დაგეგმილია 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ამჟამად აქტიურ ფაზაშია. ახალი სასტუმრო კომპლექსი ოპერირებას და პირველი ვიზიტორების მიღებას 2018 წლიდან გეგმავს.
პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა, რომელთა დასრულებული კონდიცია ითვალისწინებს ინტერიერის სრულ რემონტს, ავეჯსა და ტექნიკას. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა დახურული ავტოსადგომები, რესტორნები, კაფეები, დამატებით გართობისა და დასვენების სხვა ზონები.
პროექტის პირველი ეტაპი 2018 წლისათვის დასრულდება, ხოლო შემდგომი ეტაპები განვითარდება მიტარბის მიმართულებით.
„უახლოეს მომავალში „კოხტა გორა“ და „მიტარბი“ გახდება მიმზიდველი მიმართულება საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისათვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისათვის, ასევე მათთვის ვისაც წელიწადის ნებისმიერ დროს აქვს სურვილი „კოხტასა“ და „მიტარბის“ ხელუხლებებლი ბუნებრივი სილამაზით, უნიკალური და სამკურნალო დანიშნულების ხე-მცენარეებითა და მათი ფერთა საოცარი გამით, ჯანსაღი ჰაერით ისიამოვნოს და განიტვირთოს“, – მიიჩნევენ პროექტის ავტორები.