LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ევროპა ესპანეთია: სევილია ისტორია გახდა

43

მთელი საფეხბურთო ევროპა ესპანეთია. ”სევილიამ” ევროპის ლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგას ესპანური (მადრიდული) გუნდი მოიგებს, მერე შესაბამისად ევროპის სუპერთასსაც ესპანური გუნდი დაეუფლება და გამოდის, რომ ევროტურნირები პატარა პრიმერა დივიზიონია.

თუმცა ამაში მთლად გასაოცარი არაფერია, ესპანურმა კლუბებმა მიგვაჩვიეს მსგავს შედეგებს. ეს განსაკუთრებით სწორედაც რომ ”სევილიაზე” ითქმის, რომელიც ცოცხალი თავით არ ეშვება ევროპის რანგით მეორე თასს და წლებია სახლში უდევს.

“სევილიამ” ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპალიგის ტიტული. ის პირველი გუნდია, ვინც ამ ტურნირის ისტორიაში ზედიზედ სამჯერ გამარჯვება მოახერხა.

ესპანეთი პირველ ადგილზე გადავიდა ევროპალიგის (უეფას თასის) ტიტულებით – 10. ესპანეთი აქამდე იტალიასთან იყოფდა პირველ ადგილს 9-9 ტიტულით.

უნაი ემერი პირველი მწვრთნელია, ვინც ზედიზედ მესამედ მოაგებინა გუნდს ეს ტიტული. სამჯერ ტიტული ჯოვანი ტრაპატონიმაც მოიგო, მაგრამ არა მიყოლებით.

“სევილიამ” ტიტული მეხუთედ მოიპოვა (ტურნირის რეკორდი), 2006 და 2007 წლებში ანდალუსიურმა კლუბმა თასი ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით მოიგო.

ისტორიაში მეორედ ესპანეთი ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი კლუბით წარდგება.

ხოსე ანტონიო რეიესმა, რომელსაც ამ შეხვედრაში არ უთამაშია, ევროპალიგა მეხუთედ მოიგო. რეიესმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

მატჩის პირველი ნახევარი ინგლისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. სტარიჯმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ბურთი კი ინგლისელებს აღარ ჩაუთვალეს. უნდა ითქვას იცის, რომ ესპანელმა ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში სამჯერ ხელით ითამაშეს, აქედან ორ შემთხვევაში ხელმა სახიფათო ეპიზოდი ჩაშალა და მსაჯს ერთხელ მაინც შეეძლო პენალტის დადება.

მეორე ტაიმი კი ერთი გუნდის გამოდგა: მოედანზე მხოლოდ ”სევილია” იყო. ესპანელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და ”ლივერპულს” არც მერე გააბედინეს რამე, რაც დაწინაურდნენ და თითქოს ინგლისელებს შტურმი უნდა მოეწყოთ. ასეა თუ ისე, ”სევილიამ” თამაში დამსახურებულად მოიგო და ისტორიაში ჩაეწერა.

ვთქვათ ისიც, რომ მატჩის დაწყებამდე გუნდების ქომაგებმა სტადიონზე იჩხუბეს.

სტადიონის ტერიტორიამდე კონფლიქტები შეხვედრის დაწყებამდე ბაზელის ქუჩებში ხდებოდა.

იურგენ კლოპი (ლივერპული):

 

“სიმართლე გითხრათ, ჩვენი თამაში თავიდანვე არ მომწონდა. მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი, შემდეგ კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს. აი, მეორე ტაიმში კი ეგრევე გავუშვით, ეს კი დიდი დარტყმა იყო. რა თქმა, უნდა ყველა პრობლემა საპასუხო გოლში არაა. ყველაზე მთავარი და ცუდი ის იყო, რაც ამ გოლის მერე მოხდა.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა და დავკარგეთ საკუთარი ძალებისა და თამაშის სტილის რწმენა. მომავალში ამისგან გაკვეთილს მივიღებთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და გავძლიერდებით, მაგრამ ახლა ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ. შედეგზე კი პასუხისმგებელი მე ვარ”.

 

უნაი ემერი (სევილია):

 

“ლივერპული” მაღალი კლასის გუნდია. საკუთარი თავის რწმენის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდით. ძალიან მიხარია, რომ “სევილიას” ფანები ზეიმობენ. ესპანური კლუბების წარმატება იმაშია, რომ ჩვენ ვთამაშობთ დიდი შემართებით, მაღალ დონეზე “ვკითხულობთ” თამაშს და პატივს ვცემთ ამ ტურნირს. ეს ჩვენი ტურნირია”.

 

ლივერპული-სევილია  1:3

გოლები: 1:0 სტარიჯი (35), 1:1 გამეირო (46), 1:2 კოკე (64), 1:3 კოკე (70)

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე – კლაინი, ლოვრენი, კ. ტურე (82. ბენტეკე), მორენო – მილნერი, ჯანი – ლალანა (73. ალენი), ფირმინო (69. ორიჯი), კოუტინიო – სტარიჯი

სევილია (4-2-3-1): სორია – მარიანო, რამი (78. კოლოძეიჩაკი), კარიშო, ესკუდერო – კრიხოვიაკი, ნ’ზონზი – კოკე, ბანეგა (93. კრისტოფორო), ვიტოლო – გამეირო (89. იბორა)

გაფრთხილება: ლოვრენი, ორიჯი, კლაინი – ვიტოლო, ბანეგა, რამი, მარიანო

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-11 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 36 512

https://www.youtube.com/watch?v=lJHHffAuXlk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები