LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი პოლიტიკური დისკუსია გადასულია – აი, გაჯობე, გაჯობე და 17 კაცმა ფეისბუკზე ტაში დაგვიკრა.. ერთი რამ, რასაც სააკაშვილს ვერ დავუკარგავთ, ყოველთვის იცოდა ბოლო წერტილი“ – თინა ხიდაშელი

195
BeFunky-collage (5)

„ბონი დენის ჯენკინსმა არ დატოვა რაიმე განსაკუთრებული ინტერპრეტაციების საშუალება. ის ცალსახად საკუთარი ელჩის გვერდში დადგა და საქართველოს ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად მიმართა, რომ მკაფიო გახადოს საკუთარი პოზიციები და დამოკიდებულებები იმ შეურაცხმყოფელი და აღვირახსნილი კამპანიების წინააღმდეგ, რომელიც ამერიკის ელჩის, ამერიკის საელჩოს და ვაშინგტონის წინააღმდეგ მიმდინარეობს ქვეყანაში“, – ასე შეაფასა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელმა იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის პირველი დღე საქართველოში.

ბონი ჯენკინსი: ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები დეგნანზე და საელჩოზე

ბონი დენის ჯენკინსმა მედიასთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს გააცნობს ვაშინგტონის გზავნილს ელჩთან დაკავშირებით.

 

„გაფრთხილება თუ..“

 

თინა ხიდაშელმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რომ „ამ რანგის თანამდებობის პირი“ აშშ-დან საქართველოს  დიდი ხანია არ ჰყოლია. მისივე სიტყვებით, „სამწუხაროდ, მასზე მაღალი თანამდებობის პირები ამ ქვეყანაში აღარ ჩამოდიან“.

„ზოგადად, თავს ვიკავებ ხოლმე ისეთი განცხადებებისგან, რომ ეს არის რაღაც გაფრთხილება და ვიღაცამ წითელი ბარათი აგვინთო, არ მინდა ასე ვუყურებდე ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობებს.. თუმცა, როდესაც პრესკონფერენციის უდიდეს ნაწილს [ელჩის] თემას უთმობს და არა – როგორ გაიზრდება სამხედრო დახმარება, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის აშშ. როგორ ითანამშრომლებს ევროპელ პარტნიორებთან, რათა გაატაროს ქართული ინტერესები და უკრაინაში ომის კვალობაზე არ ჩაიკარგოს საქართველოს ოკუპაციის თემა.ხვდებით ხომ სად ვართ, საერთოდ? რა მდგომარეობაში ვართ?

მთავარი საკითხი, რომელზედაც ის დღეს გვესაუბრა არის ის თუ როგორ დაიცვას ჩვენი ხელისუფლების შეტევებისგან საკუთარი ელჩი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის და უნდა იყოს შეშფოთების საგანი ნებისმიერი ხელისუფლისთვის, თუკი [ხელისუფლებას] საბოლოოდ და ერთმნიშვნელოვნად არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკურ მოუსავლეთში უნდა გაყვეს რუსეთს.

სხვა შემთხვევაში უბრალოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო სიტუაცია საქართველოში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ უნდა „დაველოდოთ, ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს. დარწმუნებული ვარ, ხატოვანი გამოსვლები ბევრი გვექნება. ჯერჯერობით დუმან ისინი, ამიტომ დაველოდები, რას გვეტყვის „ოცნება“.

საქართველოში იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჩამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრისას, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ასეთი ვიზიტები ქვეყნებში 2 ძირითად შემთხვევაში ხორციელდება.

„ერთი, როდესაც ვიზიტი არის დაგეგმილი დიდი ხნით ადრე. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია განცხადება ამის შესახებ, არ ვიცით, ეს ვიზიტი ისედაც იგეგმებოდა თუ არა, შესაძლებელია ასეც იყოს. მეორე შემთხვევა არის ხოლმე რაღაც კონკრეტული გარემოებების ერთობლიობის შედეგად გადაწყდება, რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი ამა თუ იმ ქვეყანას უნდა ეწვიოს. ან არის კრიზისი, რომელსაც სწრაფი მოგვარება სჭირდება ან მოხდეს ძლიერი მხარდაჭერის გამოცხადების აუცილებლობა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით, ეს დაგეგმილი ვიზიტი იყო თუ დაუგეგმავი, რთული სათქმელია, პირდაპირ შეგვიძლია თუ არა მივაბათ იმ მოვლენებს, რომელიც დღეს, საქართველოში ვითარდება. ვინაიდან, დროის ამ მონაკვეთში განხორციელდა ეს ვიზიტი, შეუძლებელია ის შეხვედრების დროს გაექცეს იმ თემებზე საუბარს, რომელიც ამ წუთს აწუხებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინების საკითხს და აღნიშნა, რომ საზღვრის უსაფრთხოების თემა საქართველოს პარტნიორების ყურადღების მიღმა ბუნებრივია, ვერ დარჩება.

„საზღვრები არის ერთ-ერთი პრობლემა დღეს. ქვეყნის საზღვრები არის დარტყმის ობიექტი რუსეთის მხრიდან. ყველანაირი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ უკონტროლო და უზარმაზარი ნაკადის მოძრაობას საქართველოს საზღვრებზე – ზოგი შემოდის და ზოგი გადის.
არა მხოლოდ შემომსვლელ ნაკადში, არამედ ქვეყნიდან გასულებშიც ძალიან დიდი რიცხვი გვაქვს. ბუნებრივია, ეს ვერ დარჩება ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიღმა, ისევე როგორც, ის საკითხები, რომელიც დემოკრატიული პროცესების შეჩერებას/ შეფერხებას შეეხება. საქართველო მათთვის მუდამ იყო, არა მარტო საქართველო როგორც სანიმუშო ქვეყანა, არამედ საქართველო როგორც რეგიონში სანიმუშო ქვეყანა“, – განაცხადა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ.

 

„ხელისუფლება გზააბნეული დადის“ 

 

თინა ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის ფონზე, ხელისუფლების ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მმართველ პარტიას „ორიენტირი აბსოლუტურად არეული აქვს“

კობახიძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ გვარამიას და მელიას შესრულებით

„სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დინამიკა დღეს არის აწყობილი იმაზე, ვინ უფრო მოსწრებულად გასცემს პასუხს მეორედ, მთავარი მიზნის გაუთვალისწინებლად

მაგალითად, გუშინ თუ გუშინწინ, როდესაც პარლამენტში აქტიური დისკუსია დაიწყო დეოლიგარქიზაციის კანონის თაობაზე, მთელი საუბარი იყო იმაზე ოპოზიცია რას ამბობს ხელისუფლებაზე, ხელისუფლება რას ამოეფარება. ახლა უკრაინის კანონს გადმოწერენ და ამას ამოეფარებიან იმისთვის, რომ მოგვაჩვენონ, რომ აკმაყოფილებენ ამ პირობებს.

დღეს ჩვენ ვინ რას მოგვაჩვენებს, ან ვის რას დაიჯერებს ან წამოეგება, ამაში კი არ არის საქმე. დღეს არჩევნები კი არ არის საქართველოში, რომ ვინ უფრო მოსწრებული იქნება იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. 12 პუნქტის შესრულების ნაწილში, მთავარი ამოცანა დღეს არის,ვინ მოახერხებს, როგორ მოვახერხებთ ყველანი ერთად, რომ ევროკავშირმა საშემოდგომოდ გამოყოლილი გამოცდა ჩაგვითვალოს. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, სამწუხაროდ. მთელი დისკუსია გადასულია იმაზე – აი, გაჯობე, გაჯობე და 17 კაცმა ფეისბუკზე ტაში დაგვიკრა.

აი, ამ კატასტროფაში ვართ, როდესაც ხელისუფლებას აბსოლუტურად არეული აქვს ორიენტირი. საერთოდ არეული აქვს [ორიენტირი] და გზააბნეული დადის, პირობითად, შალვა რამიშვილისგან ტაშის მოლოდინში“, – თქვა თინა ხიდაშელმა.

 

„ქართულ ოპოზიციურ სპექტრში სწორედ ამ ბოლო წერტილის დანახვის პრობლემაა“

 

მისივე თქმით, გზააბნეული ხელისუფლების ფონზე, სრულიად არათანმიმდევრულია ოპოზიციური სპექტრი.

„ოპოზიციური სპექტრი თანმიმდევრული არ არის და მხოლოდ ეს პრობლემა, რომ გვქონდეს რაღა გვიჭირს. ოპოზიციას პრობლემა აქვს ვითარების სტრატეგიულად დანახვაში.

ამაში ვგულისხმობ, რომ 3-5 წლის პერსპექტივით პირველ რიგში, საკუთარი თავის, საკუთარი პოლიტიკური ძალის დანახვის პრობლემა აქვს.

ერთი რამ, რასაც მიხეილ სააკაშვილს ვერ დავუკარგავთ და რაც მას აქცევდა სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად, სწორედ ის იყო, რომ ყოველთვის იცოდა რა იყო ბოლო წერტილი, ის საბოლოო ამოცანა, რომლისკენაც მიდიოდა. დღეს, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში სწორედ ამ ბოლო წერტილის დანახვის პრობლემაა. ამიტომაც არის, რომ ამომრჩევლის მხრიდან, მათი მიმართულებით, რაიმე განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნევა.

ხელისუფლებისგან განდგომის აქტიური მოძრაობა გვაქვს, მაგრამ რომელიმე ოპოზიციური დაჯგუფების მიმართულებით მოძრაობის ტენდენცია არ გვაქვს. ადამიანები საკუთარი მომავლის სტაბილურად ვერ უკავშირებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ თინა ხიდაშელმა.

„თუკი უნდათ რაიმე სითამამე გამოიჩინონ, გაცილებით მარტივი პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნებოდა“ – აქვს თუ არა უკრაინას ალიანსში დაჩქარებული წესით მიღების შანსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები