ჯუზეპე პატერნო უმაღლესი განათლების მიღებაზე ჯერ კიდევ ბავშვობაში ფიქრობდა. სიციალიაში დაბადებული ბიჭუნა უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა, შემდეგ იყო ომი და ახალგაზრდას ყველაფრის კეთება უწევდა იმისთვის, რომ ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, ყველა გეგმის გადადება მოუხდა და მიზანს მხოლოდ ახლა, 96 წლის ასაკში მიაღწია.
„როგორც იქნა ოცნება ავიხდინე. სწავლის შესაძლებლობა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო, თუმცა ჩემს ოჯახს საკმარისი სახსრები არ გააჩნდა. ძალიან დიდი ოჯახი ვიყავით და ძალიან გვიჭირდა“ – განაცხადა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა და იტალიის ყველაზე უხუცესმა კურსდამთავრებულმა.
პატერნო 7 და–ძმიდან უფროსი იყო და მუშაობა მცირე ასაკიდან დაიწყო. ბიჭუნა ჯერ მამას ეხმარებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი იტალიური არმიისთვის ტელეგრამები დაქონდა.
„ომის დასრულების შემდეგ რკინიგზაზე დავიწყე მუშაობა. დიდი ენთუზიაზმით არასდროს მიმუშავია, თუმცა ვიცოდი რომ ეს სამსახური ძალიან მჭირდებოდა. იმ დროს უკვე დაქორწინებული ვიყავი და ოჯახი უნდა მერჩინა. სწავლის სურვილი არც მაშინ დამიკარგავს“, – ამბობს ჯუზეპე.
იტალიელმა სკოლის დამთავრება 31 წლის ასაკში მოახერხა. სამსახურთან ერთად ის საღამოს სკოლაში დადიოდა, უნივერსიტეტში სწავლის სურვილი კი კვლავ შორეულ ოცნებად რჩებოდა.
ჯუზეპემ უნივერსიტეტისთვის მხოლოდ 2017 წელს მოიცალა და პენსიაზე გასულმა ფილოსოფიის სწავლა დაიწყო.
„7 საათზე ვდგებოდი რომ სწავლა დამეწყო. ესეების დასაწერად ძველ საბეჭდ მანქანას ვიყენებდი. ვსწავლობდი ასევე საღამოობით. მეზობლებს უკვირდათ, თუ რატომ ვიკლავდი თავს ასეთ ასაკში. მათ არ ესმით, რომ ოცნების ასრულებისთვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“
COVID-19–თან ერთად იტალიელს ახალი ტექნოლოგიების ათვისება და დისტანციურ სწავლაზე გადასვლა მოუხდა. ხანდაზმულ სტუდენტს შესთავაზეს რომ სწავლა შემოდგომისთვის გადაედო, თუმცა მან უარი განაცხადა, საპატიო ასაკში მყოფმა დროის დაკარგვა არ ისურვა და უნივერსიტეტი მაინც დაამთავრა.
ამჟამად პატერნო ახალ მიზნებზე და გეგმებზე ფიქრობს: „ უკვე მაგისტრის ხარისხის აღებაზე დავიწყე ფიქრი. დედაჩემი 100 წლამდე ცოცხლობდა. თუკი ციფრები და გენეტიკა ჩემს მხარეს იქნება, მაშინ სწავლის დასასრულებლად 4 წელი კიდევ უნდა მქონდეს.“