7 აგვისტოს შოვში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის – მირიან ჭელიძის შესახებ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტი იხსენებს, როგორ გაიცნო და როგორ ეხმარებოდა მას სტიქიის ზონაში მირიან ჭელიძე:
„ეს დღეები სულ მინდოდა დამეწერა და, სამწუხაროდ, დღემდე ვერ დავწერე..
მირიან ჭელიძე – სტიქიის პირველ დღეს გავიცანი, როცა შოვში ავედით. დახურულ ზონაში შევედით, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივმა აგვიყვანა თავისი მანქანით, იქ გავიცანი მირიანი. გვთხოვა, ლენტი არ გადაგვეკვეთა, რადგან უსაფრთხო არ იყო.
სანამ ზურა მანაგაძე კადრებს იღებდა, მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძვნია და ასეთი ემოციები არასდროს ჰქონია.
არ ჩავყვები დეტალებს, ვისაუბრეთ იმ რთულ დღეზე, რომლითაც ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო ნახევარ საქართველოს.
არ დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები და ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა.
სტიქიის ეპიცენტრში არ გვიშვებდნენ მანქანით, ამიტომ გიორგი კურტანიძე გლოლას შესასვლელში გველოდებოდა. აღმოჩნდა, რომ უკან ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, დახმარება მირიანს ვთხოვე.
მთები გადადგა და უკან მაინც ჩაგვიყვანა, თან უამრავჯერ გვითხრა, რომ სწრაფად და ფრთხილად ჩავსულიყავით უსაფრთხო ტერიტორიაზე და ამისთვის თავად ყველაფერი გააკეთა.
იმის თქმა მინდა, რომ ფორმების, თანამდებობების თუ მიკროფონების უკან ჯერ ადამიანები დგანან, რომლებიც შეიძლება ისე განიცდიდნენ მომხდარს, რომ საკუთარ სიცოცხლეს ასრულებდნენ…“ – წერს ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში.
ეს დღეები სულ მინდოდა დამეწერა და სამწუხაროდ დღემდე ვერ დავწერე..
მირიან ჭელიძე – სტიქიის პირველ დღეს გავიცანი, როცა…Posted by Lika Alelishvili on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
„პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მირიან ჭელიძე სამხედრო პატივით გუშინ, 10 აგვისტოს დაკრძალეს.
„პოლიციელი უკანასკნელ გზაზე შსს-ს წარმომადგენლებმა გააცილეს. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.