LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკის მიმართულებით ახალი საბაგირო დამონტაჟდება

55

თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით ახალი საბაგიროს მოწყობა იგეგმება.

სამუშაოები სავარაუდოდ,  ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში დაიწყება. გეგმის მიხედვით, საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომდევნო წლის ზაფხულიდან მოხდება.

პროექტი 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს ითვალისწინებს. საბაგირო გზა კი დაახლოებით 980 მეტრი იქნება.

როგორც ”ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, მარშრუტს ორი სადგური ექნება – რუსთაველზე და მთაწმინდის პარკში, (ორივე შემთხვევაში არსებული ძველი სადგურის ადგილზე).

საბაგიროს სრული დატვირთვის მუშაობის შემთხვევაში საათში 1100 კაცის გადაყვანა შეეძლება. მგზავრობა კი სულ 4 წუთს გასტანს.

საბაგიროს ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და ავსტრიაშია დასაწყობებული, საქართველოში მისი ტრანსპორტირება გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ მოხდება.

”ამ ეტაპზე დასრულებულია საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების ინჟინრულ-გეოლოგიური შესწავლა, და მიმდინარეობს საყრდები ანძების გეოლოგიური კვლევა.

საბაგირო გზის თავდაპირველ მარშუტს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა წარმოადგენდა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, ქვედა სადგურის ადგილი შეიცვალა და ლოკაციად სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა განისაზღვრა”,- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

საბაგირო გზა შეკვეთილია ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან“ რომელიც აღნიშნულ სეგმენტში ბაზარზე, ერთ – ერთ უმთავრეს მოთამაშეს წარმოადგენს, მისი ხარისხითა და აღებული ვალდებულებების შესრულებით.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები