საახალწლო დღეების მოახლოებასთან ერთად დედაქალაქიც მოირთო და სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა. ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი ადგილი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის მთაწმინდის პარკია, რომელიც უკვე ჩართულია საახალწლო სამზადისში. “ავტორადიოს” საახალწლო გეგმებზე მთაწმინდის პარკის მარკეტინგის დირექტორი ია თარხან-მოურავი ესაუბრა.
რა სიახლეებსა და აქტივობებს გეგმავს მთაწმინდის პარკი, რით იქნება წლევანდელი წელი გამორჩეული, რას უნდა ელოდონ პატარები?
მთაწმინდის პარკში უკვე აქტიური წინასაახალწლო მზადებაა, ტერიტორია მორთულია საახალწლო განათებებითა და დეკორაციებით. 18 და 19 დეკემბერს, ანუ უკვე ამ უქმეებზე, გვექნება პირველი საახალწლო ღონისძიება – გამოფენა- გაყიდვა. 31 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით კი პატარებსა თუ დიდებს ყოველდღე სხვადასხვა ღონისძიებებით გავანებივრებთ.
რაც შეეხება ამ შაბათ-კვირას, 12-დან 6 საათამდე პარკში მოსულ სტუმრებს სხვადასხვა საახალწლო ნივთების, საჩუქრების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ. ქართველი მეწარმეები წარმოადგენენ თავის პროდუქციას. იქნება გლიტვეინი, ცხელი შოკოლადი, გვეყოლება DJ, იქნება სასიამოვნო მუსიკა.
9 იანვრის შემდეგ ხომ არ გეგმავთ რაიმე საინტერესო აქტივობას?
საახალწლო ღონისძიებების გარდა, რაც ამჟამად ყველაზე აქტუალურია, მთაწმინდის პარკში 2022 წელიც ძალიან საინტერესო იქნება. საქმე ისაა, რომ მომავალი წლის ბოლოს საბაგიროს გახსნაა დაგეგმილი. ეს არის ისტორიული საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას მთაწმინდის პარკთან დააკავშირებს.
საბაგიროსთან ერთად ვმუშაობთ არაერთ საინტერესო პროექტზე, მაგალითად თანამედროვე ფუდ-კორტის იდეა, რომელიც საბაგიროს სიახლოვეს განთავსდება. იგეგმება ასევე ახალი ტირების მოწყობაც, რომელიც პარკის ტერიტორიაზე უნდა გადანაწილდეს. საბავშვო სივრცეში, გასართობ-შემეცნებითი სახლის აშენებასაც ვაპირებთ და ეს პროექტიც 2022 წელს განხორციელდება.