LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის რეაგირება პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა: გიორგი გახარია ჰანს კლუგეს შეხვდა

85
კლუგე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში ვიზიტით მყოფ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა.

როგორც გიოგრი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ კლუგემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების და პრემიერის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხები Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები და კოვიდვაქცინაცია იყო.

“მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ასევე ონლაინკლინიკის უმნიშვნელოვანეს როლს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.” – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზე.

“აღინიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.” – ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის მეთაურმა და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და მუშაობაზე.

ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

გიორგი  გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჯანმოს წარმომადგენლები მიმდინარე წელს სპეციალური მისიით ორჯერ იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, არსებული ვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.