ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, წელს სრულდება წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.
„შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს. მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა: ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტების მოზიდვას“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე, გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა.