LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ხილის წვენის შესახებ რეგლამენტი მიიღო – როდიდან ამოქმედდება რეგულაციები

144

საქართველოს მთავრობამ „ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის ნექტარის, ხილფაფის, ხილის კონცენტრირებული წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებაც, ასევე აკონკრეტებს მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.

მაგალითად, რეგლამენტის თანახმად, თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობელის გარეშე“ ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“; ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“, ან/და „100 %-იანი“ კი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით და სხვ.

ახალი დადგენილება ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები