LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობა, სუსი მაქსიმუმს აკეთებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს“ – ბრეგაძე რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოს შეურაცხმყოფელ ვიდეოზე

54
რატი ბრეგაძე

„საქართველოს მთავრობა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა 2 დღის წინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც რუსეთის მოქალაქე საქართველოს და მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის უფლება ყველა იმ ადამიანს აქვს, რომელსაც ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს. მისი თქმით, საქართველოს საზღვრები კარგად არის დაცული და შესაბამისი ორგანოებიც ძალიან კარგად მუშაობენ.

„ამ სამსახურებს სათავეში უდგანან ღირსეული ადამიანები, მათ ასევე ღირსეული თანამშრომლები ჰყავთ. მერწმუნეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება სრულად დაცული იყოს. კონკრეტულ ადამიანებზე ვერ გეტყვით. საქართველოს საზღვარზე შემოსვლის უფლება ყველა იმ ადამიანს აქვს, რომელიც გათვალისწინებული არის საერთაშორისო შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც რუსი ტელეწამყვანის ქსენია ბოროდინას საქართველოში ჩამოსვლას ეხებოდა და რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული, მინისტრმა უპასუხა:

„არ ვიცი კონკრეტულად არც ქალბატონი ბოროდინა და არც სხვა. ვისაც აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება, ის უნდა შემოვიდეს. ვისაც არ აქვს, ბუნებრივია, არ უნდა შემოვიდეს. ამ შემთხვევაში შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მსგავსი ფაქტის მოკვლევას დაიწყებენ. დარწმუნებული ვარ, თუკი აქ რაიმე სახის კანონდარღვევა იყო, შს სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.“– განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებსა და საქართველოს აგინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, პოლიციის კანონიერ ქმედებას არ დაემორჩილა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია.

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.

ნიკა მელია ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება, თუ რატომ ცხოვრობს რუსი ოლიგარქის ოჯახი თბილისში.