LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მუშაობას არ გაანახლებს, ვიდრე კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ გაანახლებს, ვიდრე „დემოკრატები“ კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

„ვერ გეტყვით თუ როდის გაანახლებს მთავრობა მუშაობას. ის შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა მანამ არ გაანახლებს მუშაობას, ვიდრე არ გვექნება კედელი. ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ,“ – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აშშ-ს მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ე.წ. „შათდაუნი“ იმის შედეგი გახდა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ვერ შეთანხმდნენ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს.

ამ ეტაპზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს 2019 წლის ბიუჯეტი. დაფინანსების არარსებობის გამო ფედერალური სამთავრობო უწყებების მეოთხედი, კერძოდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაფინანსების გარეშე რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტში 5,7 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის, თუმცა სენატის „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები