LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა “მექანიზატორის” პრივატიზების ინიცირებას წლის ბოლოსთვის გეგმავს

81

მთავრობა შპს “მექანიზატორის” პრივატიზების ინიცირებას წლის ბოლოსთვის გეგმავს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განმარტა, “მექანიზატორის” გასხვისებასთან დაკავშირებით, როგორც კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელი, ასევე მისი სრული პრივატიზაცია განიხილება.

”ჩვენი პოზიციაა, რომ კერძო სექტორთან კონკურენციაში არ ვიყოთ. მექანიზაციის კუთხით, მოტივაცია უკვე იმდენად დიდია, რომ გაჩდნენ კერძო სუბიექტები, რომელთაც საკმაოდ საინტერესო ტექნიკა აქვთ. ჩვენ გვინდა, ეს ასპარეზი კერძო სექტორს მაქსიმალურად დავუთმოთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, კერძო-საჯარო პარტნიორობაზე ”მექანიზატორის” ნაწილში და ასევე არ გამოვრიცხავთ მის რეალიზებას ინდივიდუალურად, სერვის ცენტრების დონეზე. ჩვენ შესაბამის ინიციატივას ვამზადებთ და გვინდა, რომ წლის ბოლომდე, გასხვისების ფორმებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკ შპს ”მექანიზატორის” საქმიანობის მიმართულებებია: მცირე და მსხვილი ფერმერების მომსახურება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია, ფერმერთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა და ტრეინინგების ჩატარება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რემონტი, მარაგი ნაწილებით უზრუნველყოფა. შპს ”მექანიზატორს” საქართველოს მასშტაბით, სულ 13 სერვის ცენტრი აქვს. საწარმოს საბალანსო ღირებულება 135 მილიონი ლარის ფარგლებშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები