LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილ არარეგისტრირებულ ქონებას დაირეგისტრირებს

31

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვენტარიზაციის პროექტს ახორციელებს და პარალელურად აპირებს ინვენტარიზაციის მონაცემების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

როგორც “ფორტუნას” სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის  შედეგად, დღეისათვის თბილისში აღმოჩენილია 700 ჰექტრამდე, ხოლო რეგიონებში 255 ჰა როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის განცხადებით, ადგილზე ხორციელდება ინფორმაციის დეტალური შესწავლა და დამუშავება.

„ჩვენი მობილური ჯგუფი გადის ადგილზე, დეტალურად სწავლობს არსებულ ვითარებას, ამუშავებს საჯარო რეესტრში აღრიცხულ ინფორმაციას და ამ ყველაფრის ინფორმირება ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ქონებას შეიძლება ჰყავდეს ფაქტობრივი მოსარგებლე ან მფლობელი, ხდება ინვენტარიზაციის პროექტში შესაბამისი აბრების გაკვრა, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესში რეგისტრაცია“- აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

ეკატერინე სისაურის განმარტებით, პროექტის პარალელურ რეჟიმში ინვენტარიზაციის მონაცემების რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო რეესტრში შემდეგი ქრონოლოგიით: იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში არ იქნება დაცული  ან საარქივო, ან რეესტრში აღრიცხული მონაცემი, სახელმწიფო დაარეგისტრირებს ინვენტარიზებულ, უძრავ ქონებას სახელმწიფოს საკუთრებად, მხოლოდ შესაბამისი შეზღუდვით.

„ამ შეზღუდვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განხორციელდა მთავრობის მხრიდან და გულისხმობს შემდეგს: ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი ქონება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გასხვისდება. ამ ვადაში ქონების ყველა პოტენციურ მფლობელს შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და დაირეგისტრიროს თავისი უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდა ასეთი ტიპის იდენტიფიცირება, სახელმწიფო ავტომატურად არ ახდენს ასეთი ქონების განკარგვას და გარკვეულ დროს აიღებს კიდევ იმისთვის, სანამ საბოლოოდ არ გამოირიცხება ეს რისკები“ – აღნიშნა სისაურმა.