LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გზაგასაყარზე დგას.. უნდა გადაწყვიტონ რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია: ლორა თორნტონი

196
t007

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების განცხადებებზე, სადაც აღნიშნავენ, რომ ამერიკის ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს და ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა – საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი პასუხობს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ისაუბრა.

„ პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა ირაკლი კობახიძისა და სხვებისგან.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ [საქართველოს მთავრობას] არ სურთ იყვნენ ნატო-ს, ევროკავშირის წევრები.

ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს”,- აღნიშნავს თორნტონი.

მისივე თქმით, მას უნდა სჯეროდეს, რომ ქვეყანას ისევ აქვს პროდასავლური ღირებულებები, თუმცა, მისივე შეფასებით, „ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს საპირისპიროს მიუთითებს“.

„დაბნეული ვარ. აკრიტიკებ [დასავლელ პარტნიორებს], ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. ასე რომ, როდესაც ასეთი კრიტიკა ისმის, მაშინ ვფიქრობთ: “კარგი, მათ კურსი შეიცვალეს”.

როდესაც ასეთ მოკავშირეს ასე, საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება. თუ არსებობს რაიმე სხვა ახსნა, სხვა მიზეზი, რატომ აკეთებენ ამას, მაშინ მისი გაგება მე არ შემიძლია. მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანას ისევ აქვს პროდასავლური ღირებულებები, მინდა ამის მჯეროდეს. თუმცა, ყველაფერი, რასაც ისინი [საქართველოს მთავრობა] აკეთებენ, საპირისპიროს მიუთითებს. ხალხის დასავლეთის წინააღმდეგ შემოტრიალება პირველი ნაბიჯია, რომელიც თუ უფრო ნეიტრალური, არამიმხრობითი სტატუსისკენ წავა, მაშინ ძალიან შემაშფოთებელი იქნება”,- აღნიშნავს თორნტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები