LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიისთვის ინვესტორს ეძებს

85

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია ინვესტიციებს ელის. კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებები, ჯერჯერობით, არ არსებობს, თუმცა ტერიტორიაზე პროექტების განხორციელებით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული.

315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა. ”ICBT CORPORATION – ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“, პროექტ “შავი ზღვის მარგალიტი”-ს განხორციელებასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმებას ერთი წლის წინ გეგმავდა, თუმცა აჭარის მთავრობასთან შეუთანხმებლობის გამო, საკითხი გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

“შავი ზღვის მარგალიტის” პროექტის მიხედვით, ინდუსტრიული ზონა სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ბიზნეს ობიექტების განთავსებას გულისხმობს, სადაც განთავსდება საფონდო ბირჟა, სალიზინგო კომპანიები და ბიზნეს სუბიექტები. მეორე ნაწილი ტურისტულ ზონას მოიაზრებს, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები განთავსდება. მესამე კი ვირტუალურ ზონას გააერთიანებს, სადაც IT ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ტურისტულ მიმართულებასაც გულისხმობს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმაც. შეიხის თქმით, ტერიტორია, მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

„ჩვენ დავათვალიერეთ არაჩვეულებრივი სილამაზის ტერიტორია, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად. მე ბათუმში აქამდეც ვყოფილვარ და ახლა ნათლად ვხედავ, რომ ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა. მას შეემატა მრავალი მშვენიერი სასტუმრო და ვხედავთ კიდეც უამრავ ადამიანს ზღვის სანაპიროზე. ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბათუმის განვითარების დონემ. ეს ქალაქი ხდება რეგიონის მოსახლეობის ტურისტული ცენტრი“ – განაცხადა მუბარაკ ალ ნაჰიანმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.

როგორც ”ფორტუნას” აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორიისადმი ინტერესს სხვა ინვესტორებიც გამოხატავენ. სამინისტროს ინფორმაციით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, მიღებული არ არის და კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიის ათვისება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები