LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა „ფრონტერა”-სთან კონტრაქტს აღარ გაწყვეტს

110
pjimage-1

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში “ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ რიგში, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა,“ – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერა“ – მ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერა“ – ს დაევალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერა“ – ს 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერა“ – მ დამატებით 2-ჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაგალითია ინდუსტრიაში. 20-წლიანი უშედეგო ძიების შედეგად, „ფრონტერა“ – მ 2017 წელს კვლავ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის დამატებით 5 წლით გაგრძელება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. სწორედ ეს გახდა კორპორაციისა და სააგენტოს მხრიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში საარბიტრაჟო დავის აღძვრის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.

ვრცლად ეკონომიკის სამინისტროს განცხადება განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1541

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები