LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

83
Untitled design (2)

“გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას. ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არც ეროვნულ დონეზე მისცა მათი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობისა და მისი უდანაშაულების მტკიცების შესაძლებლობა.” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილ საბოლოო პოზიციას აფასებს.

“ყველაზე მეტად ამის მეშინია…” – ინტერვიუ მალხაზ მაჩალიკაშვილთან

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ:

❗  საერთაშორისო სასამართლოშიც კი ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას და აშკარად დაუსაბუთებეულ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს;

❗  სამწუხაროდ, ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარებისა და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას;

❗  ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არც ეროვნულ დონეზე მისცა მათი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობისა და მისი უდანაშაულების მტკიცების შესაძლებლობა;

❗  სახელმწიფო უწყებებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არასდროს უმოქმედიათ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპით და ეს საქმე ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე მძიმე და სერიოზულ შემთხვევად რჩება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო. 2020 წლის 21 ნოემბერს სოციალური სამართლიანის ცენტრმა გააგზავნა მისი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა მისი საბოლოო პოზიცია, რითიც დასრულდა მხარეთა შორის შეპასუხების ფაზა.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას.

“სამწუხაროდ მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წარმოდგენილ განცხადებაში ცენტრი ყურადღებას ამახვილებს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ რამდენიმე პრობლემურ, დაუსაბუთებელ და ფაბრიკაციულ მოსაზრებაზე.

ცენტრი მიუთითებს:

◼  საქართველოს მთავრობის დაუსაბუთებელ ბრალდებებს თ. მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების თაობაზე:

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეპასუხებაზე წარდგენილ დამატებით და საბოლოო მოსაზრებებში საქართველოს მთავრობამ კვლავ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის დაუსაბუთებელი ბრალდებებზე გააკეთა აპელირება. ამ მიზნით, მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული ბ.ჩ.-ს ჩვენება, სადაც მსჯავრდებული საუბრობს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ა. ჩატაევისა და მისი გარემოცვის წევრებთან თითქოსდა კავშირზე და ტერორისტულ დაჯგუფებასთან მათი აფილაციის თითქოსდა ცოდნის შესახებ”.

◼  ევროსასამართლოში მთავრობის მიერ გამოყენებულ სხვა ფაბრიკაციულ და სპეკულაციურ მოსაზრებებზე:

◼  მოსაზრებებზე, რომელიც არ არის გამყარებული არც ერთი მტკიცებულებით:

“მთავრობამ თავდაპირველ მოსაზრებებში მიუთითა, თითქოს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული ბინიდან ამოღებულ იქნა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე შედგენილი სესხის ხელშეკრულება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მთავრობის მოსაზრებებზე წარდგენილ შეპასუხებაში სადაოდ გახადა აღნიშნული ფაქტი, რადგან მაჩალიკაშვილების ოჯახი წარმომადგენელი სისხლის სამართლის საქმის მასალებში მსგავს დოკუმენტს არგაცნობია”.

◼  მოსაზრებები, რომელიც აშკარად არაზუსტი და განზრახ არასრულია.

◼  მოსაზრებები, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალდების უკანონო დამძიმებას ახდენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა არ წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს და ეს მსჯელობა არსებითად სცდება მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის ფარგლებს.

სწორედ ამიტომ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საფუძველშივე უადგილო იყო მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ვრცელი არგუმენტაციის წარმოდგენა და დაცვის სტრატეგიის მეტწილად თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებით აგება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში ასევე დარწუნებულები არიან, რომ ევროპული სასამართლო მთავარობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მათი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.