ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის შეკითხვას პასუხობს.
„გაცნობებთ, რომ თქვენი 2019 წ. 9 აგვისტოს N9870/3-24/19 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ინფორმაციის მოწოდებას ავიაკომპანიებთან „Wizz Air“ და „Ryanair“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების მხარეს არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან (მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან) არ განხორციელებულა მითითებული კომპანიების სუბსიდირება, უფრო მეტიც ამ მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ განხორციელებულა არანაირი სახის დაფინანსება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებების პირობები არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რაიმე ვალდებულებას. მითითებულ ავიაკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების უშუალო მხარეს წარმოადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, რომლის პასუხი გეგზავნებათ დანართის სახით”, აღნიშნულია მინისტრის მიერ დეპუტატისთვის მიწერილ წერილში.
დანართი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახსენებს, წარმოადგენს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენებით, წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ისეთ საქმიანობას, რომელთან დაკავშირებულ ინფორმაციაზეც არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი წესები.
გიორგი ჩოგოვაძე განმარტავს, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ არასოდეს განხორციელებულა სამოქალაქო აეროპორტებში ფრენების შემსრულებელი ავიაკომპანიების სუბსიდირება. რაც შეეხება ავიაკომპანია Wizz Air-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ ფარგლებში ნებისმიერი ანგარიშსწორება ხორციელდება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კუთვნილი ფინანსური სახსრების გამოყენებით და ამ ხელშეკრულებათა პირობების მიხედვით მათი შინაარსი არ არის საჯარო, ატარებს მკაცრად კონფიდენციალურ ხასიათს”.
შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც „ლოუკოსტერებთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალებით დაინტერესდა.