LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია, “ქართული ოცნება” დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში და დოკუმენტის ხელმოწერაზე შემდეგ ვიმსჯელოთ: უდუმაშვილი

63
ზაალ უდუმაშვილი

“ეს დოკუმენტი დაიდო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისინი “გადააგდო” “ქართულმა ოცნებამ”. შესაბამისად, ახლა მთავარია, რომ “ქართული ოცნება” დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში და შემდგომ ვიმსჯელოთ უკვე ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე.” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი და ამბობს, რომ მმართველი პარტიის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ –  დოკუმენტის ანულირების შესახებ, ოპოზიციას კიდევ ერთი დამატებითი ფანჯარა გაუხსნა, რათა ძალიან აქტიურად გააგრძელონ კონსულტაციები საერთო ოპოზიციური სტრატეგიის შესახებ.

უდუმაშვილის თქმითვე, ის, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ ამ ორი თვის განმავლობაში, რათა დაერწმუნებინათ მოსახლეობა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იღებდა 43 პროცენტს, ეს თავად გააკეთა მმართველმა გუნდმა:

“ის, რაც ჩვენ უნდა გვეკეთებინა ამ ორი თვის განმავლობაში, რათა დაგვერწმუნებინა მოსახლეობა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იღებდა 43 პროცენტს, თავად გააკეთა ეს „ოცნებამ“ და პირდაპირ განაცხადა, რომ მე 43 %-ს ვერ ვიღებ, ამიტომ ანულირებას ვუკეთებ შარლ მიშელის დოკუმენტს.

ვფიქრობ, ახლა ძალების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთო სტრატეგიით გასვლა იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნების” დამარცხება. ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რეალურად რატომ დაარღვია “ქართულმა ოცნებამ’ ეს შეთანხმება. ჩვენი ხელმოწერა რომ ყოფილიყო, ხომ იმავეს გააკეთებდა, ოღონდ სხვა საბაბით. აქ ხომ ხელმომწერებზე არ იყო საუბარი, არამედ 43 პროცენტს ვერ იღებდა და ეძებდა მიზეზს, რომ გამოსულიყო ამ შეთანხმებიდან. შემდეგ სხვა რამეს იტყოდა: საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად არ ხართ ჩართული ან ყურებიანი ქუდი რატომ არ გვახურავს, მიზეზს ყოველთვის მოძებნიდა “ქართული ოცნება.” – თქვა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, მოაწერენ თუ არა ხელს პარტიის წევრები ანულირებულ შეთანხმებას, უდუმაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე პარტიაში იმსჯელებენ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ:

“უბრალოდ დღეს რომც გვინდოდეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რას უნდა მოვაწეროთ, აღარ არსებობს, ანულირებულია დოკუმენტი. მეორე, აქ მთავარი ის კი არ არის, “ნაციონალური მოძრაობა” მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, მთავარია, “ქართული ოცნება” დაბრუნდება თუ არა ამ დოკუმენტის ჩარჩოში, რადგან მას არ დაუდია ეს შეთანხმება არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს.

უპირველეს ყოვლისა, ეს დოკუმენტი დაიდო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისინი “გადააგდო” “ქართულმა ოცნებამ”. შესაბამისად, ახლა მთავარია, რომ “ქართული ოცნება” დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში და შემდგომ ვიმსჯელოთ უკვე ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე.” – ამბობს უდუმაშვილი.